Facebook Twitter

¹ას-263-521-08 14 მაისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ბ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე –ც. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისს მიმართა ც. ხ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ მოპასუხე თ. ბ-ის მიმართ გამარტივებული წესით თანხის დაკისრების თაობაზე. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის გადახდის ბრძანებით თ. ბ-ეს ც. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა. აღნიშნულ გადახდის ბრძანებაზე მოპასუხის მიერ შეტანიი იქნა შესაგებელი, რის საფუძველზეც გადახდის ბრძენება გაუქმდა და დადგინდა მოთხოვნის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000(ათი ათასი) დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. პ-მა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ის წარმომადგენლის თ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. პ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტ თ. ბ-ეს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ის წარმომადგენლის თ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტს დაევალა 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და თ. პ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა.

ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ თ. ბ-ეს და მის წარმომადგენელს თ. პ-ს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით და სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება თითქოს აპელანტ თ. ბ-ეს პირადად ჩაბარდა განჩინება 2008 წლის 25 იანვარს, ხოლო აპელანტის წარმომადგენელს თ. პ-ს ზემოაღნიშნული განჩინება ვერ ჩაბარდა Mმისი არყოფნის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. პ-მა

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან თ. ბ-ე უკვე რვა თვეა საქართველოში არ იმყოფება., ხოლო მისი ინტერესების დასაცავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად საქმეში წარმომადგენლად არის ჩართული თ. პ-ი.

აღნიშნულიან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო თ. ბ-ის წარმომადგენლის თ. პ-ის კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტ თ. ბ-ეს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება აპელანტ თ. ბ-ეს ჩაბარდა პირადად 25 იანვარს, ხოლო მის წარმომადგენელს 6 თებერვალს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ის წარმომადგენლის თ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივ საფუძვლებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლი განსაზღვრავს მხარისათვის უწყების გაგზავნის წესს, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 25 იანვრიდან, როცა მხარეს, კერძოდ თ. ბ-ეს ჩაბარდა განჩინება. (ს.ფ.94)

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის თ. პ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ბ-ე რვა თვეა არ იმყოფება საქართველოში და შესაბამისად განჩინება პირადად მას არ ჩაბარებია, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს _ თ. პ-ს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა საქმეში არსებული დოკუმენტის სიზუსტეს და დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ განჩინების ჩაბარების მომენტისათვის თ. ბ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში, მას საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, მხარის მიერ ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ-ის წარმომადგენლის თ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.