Facebook Twitter

ას-26-381-07 10 მაისი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ.-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 14 დეკემბერს თ. გ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. ლ.-ის მიმართ და მიუთითა, რომ 2005 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ს.-საგან შეიძინა ქ.ქუთაისში, ...-ის ქ. მე-2 მიკრორაიონში მდებარე ¹33/28 ბინა. აღნიშნულ ბინაზე მისი საკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. ვინაიდან ბინაში მცხოვრები გ. და ლ. ლ.-ები ხელს უშლიან საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობაში, მოსარჩელე თ. გ.-მ მოითხოვა მათი სადავო ბინიდან გამოსახლება თანხმლებ პირებთან ერთად.

საქალაქო სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე მოპასუხე გ. ლ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა თ. გ.-სა და ვ. ს.-ის წარმომადგენელ ფ. გ.-ს შორის 2005 წლის 21 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით თ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ლ.-ე, ვ. ლ.-ე და ლ. ლ.-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ.ქუთაისში, ...-ის ქ. მე-2 მიკრორაიონში მდებარე ¹33/28 ბინიდან და აეკრძალათ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობა, ხოლო გ. ლ.-ის შეგებებული სარჩელი თ. გ.-სა და ვ. ს.-ის მიმართ 2005 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. ლ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გ. ლ.-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 240 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ. ლ.-მ განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ და, შესაბამისად, მოკლებული იყვნენ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით 2006 წლის 7 აგვისტოს (ს.ფ.87), თუმცა სასამართლო კურიერის მიერ გზავნილზე ხელმოწერით ირკვევა, რომ 2006 წლის 7 და 8 აგვისტოს, ასევე განმეორებით მისვლისას 2006 წლის 15 და 16 აგვისტოს გ. ლ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად სახლში არ იმყოფებოდა, რის გამოც ვერ ჩაბარდა განჩინების ასლი.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2006 წლის 22 ნოემბერს სასამართლომ განმეორებით გაუგზავნა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს. ქუთაისის ცენტრალური ფოსტის პასუხით კი ირკვევა, რომ აპელანტი გ. ლ.-ე იმყოფებოდა თბილისში, რის გამოც ვერ ჩაჰბარდა საფოსტო გზავნილი. (ს.ფ.91, 93)

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას მისამართი კი არ შეუცვლია, არამედ ზაფხულში იმყოფებოდა სოფელში, ხოლო ნოემბრში დროებით იმყოფებოდა თბილისში და ამის გამო არ ჩაბარდა გზავნილი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებული არიან საქმის წარმოების განმავლობაში, თუნდაც დროებით შეცვლილი მისამართის შესახებ აცნობონ სასამართლოს, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ გაუკეთებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის პირველი დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის პირველი დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.