Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№83აპ-17 ქ. თბილისი

კ-ა მ, 83აპ-17 12 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განაჩენით მ. კ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. მსჯავრდებულ მ. კ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2015 წლის 5 იანვრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მსჯავრდებული მ. კ-ა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, 2011 წლის 28 იანვარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებული მ. კ-ა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, 2014 წლის 14 ნოემბერს.

2015 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 04:20 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი მ. კ-ა თ-ში, ჩ-ას ქუჩის №..–თან, ი. ს-ის კუთვნილი „ლენდროვერ ფრილანდერის“ მარკის ავტომანქანიდან, სახ. №.., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თეთრი მშრალი ღვინით სავსე ათლიტრიან ბიდონს, ღირებულს 20 ლარად და „რამბის“ ფირმის შავი ტყავის ქურთუკს, ღირებულს 50 ლარად,რითაც ი. ს-ს ჯამურად მიაყენა 70 ლარის მატერიალური ზიანი.

4. კასატორი - მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. მ-ე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით:

მ. კ-ას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული; საქმეში არ არსებობს მ. კ-ას ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები; პოლიციელთა ჩვენებები არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი; ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით არ დადასტურდა მ. კ-ას მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ მ. კ-ასთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. #283აპ.-14 №618აპ-15. #560აპ.-16, 45აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მ. კ-ას უდანაშაულობის შესახებ და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი პოლიციის თანამშრომელთა თანმიმდევრულ ჩვენებებში, რომლებიც თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე