საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #116ap-17. ქ. თბილისი
კ-ა გ.-116აპ–17. 6 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის განაჩენით გ. კ-ა, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა: გ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლების (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) საფუძველზე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გამართლებული გ. კ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. კ-ას ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ქალაქ ლ-ში, თ-ის ქ. №..-ში მცხოვრებმა გ. კ-ამ 1992 წლის 18 ოქტომბერს განიზრახა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა ლ-ის რაიონის სოფელ ჯ-ში მცხოვრებ ა. გ-ის ოჯახს. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დაუკავშირდა ლ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მცხოვრებ ხ. ხ-ეს, ბ-ში, თ. ს-ას ქ. №..-ში მცხოვრებ გ. ჯ-ეს, ბ-ში მცხოვრებ მ. მ-ეს, ლ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მცხოვრებ რ. პ-ასა და თ. მ-ეს, რომლებსაც გააცნო ყაჩაღური თავდასხმის გეგმა და 19 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები და ნიღბებით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა. გ-ის ოჯახს. მათ, საცხოვრებელ სახლში შეღწევის შემდეგ, იარაღის მუქარით, რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, შეკრეს ა. გ-აძე და მისი ოჯახის წევრები – მეუღლე ვ. გ-ე და დედა ე. გ-ე, რის შემდეგაც მოსთხოვს ფული და ოქროს სამკაულები. რადგან მათთვის სასურველი თანხა ვერ მიიღეს, ა. გ-ე აიყვანეს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, კერძოდ, გახურებული უთოთი დაუწვეს სახე და ხელები, ამასთან, დაიწყეს ბინაში არსებული ნივთების შეგროვება. გ. კ-ამ ზემოაღნიშნულ თანამზრახველებთან ერთად ა. გ-ის საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა სხვადასხვა დასახელების ნივთები, ფული – 5000 მანეთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. კ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3. გამართლებული გ,. კ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ-ა შესაგებლით ითხოვენ პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
5. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ-ას უდანაშაულობის შესახებ და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ხ. ხ-ის, გ. ჯ-ისა და ხ. თ-ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებებით გამოირიცხა გ. კ-ას მონაწილეობა ა. გ-ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში. რაც შეეხება ხ. გ-ის ჩვენებას, იგი ირიბი მტკიცებულებაა, რომელიც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. საქმეში არსებული სხვა სახის ირიბი მტკიცებულებები კი (პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე) ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს (მაგალითისათვის იხ. №570აპ-16).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე