საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№97აპ-17 ქ. თბილისი
კ-ი გ, 97აპ-17 5 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით გ. კ-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით – 1 წლით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 ივლისიდან. გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. კ-ს საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ასევე – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 5 მაისს, 17.00 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ ი-ში, -ეს უბანში მდებარე სასაფლაოზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ. კ-მა მკერდში ხელი დაარტყა ძმას – ვ. კ-ს, რის შედეგადაც ვ. კ-მა კეფის არეში მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
· 2016 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 20.00 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ ი-ში ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა გ. კ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვნების – მ. კ-ისა და ლ. კ-ის თანდასწრებით თავის არეში ხელი დაარტყა რძალს – ი. კ-ს, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ბ-ა ითხოვს მსჯავრდებულ გ. კ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში – მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. მჯავრდებულის ინტერესების დამცველი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. კ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით (ვ. კ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარე ხდის სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის შემცირებას, პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #197აპ-15, #63აპ.-13).
10. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, კასატორი ითხოვს გ. კ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. კ-ის ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მოწმეები: ვ. კ-ი, ი. კ-ი და მ. კ-ი თავიანთ ჩვენებებში თითქმის ერთნაირად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა სისწორეშიც ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან ისინი თანმიმდევრული და თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
11. გარდა აღნიშნულისა, მოწმეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე – სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 27 ივლისის №... დასკვნა, რომლის თანახმად, ი. კ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლივად მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. იმავე ექსპერტიზის 2016 წლის 21 ივლისის №... დასკვნით, ვ. კ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამ დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – მ. ნ-ემ და გ. გ-მა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე