Facebook Twitter

ას-270-593-09 14 მაისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. მ-ძეE(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ-შვილის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები არიან მეზობლები. მოსარჩელის ბინაში მოპასუხის ბინიდან არაერთხელ ჩავიდა წყალი, რამაც დააზიანა ს.მ-ძის სახლი და ავეჯი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანმა შეადგინა 5514,90 ლარი, რაც ი.კ-შვილს უნდა დაეკისროს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელის ბინაში არსებული დაზიანებები მისი ბრალით გამოწვეული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. კ-შვილს ს. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5514,90 ლარის გადახდა, რაც ი.კ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც ი.კ-შვილმა ვალდებულება იკისრა, 2009 წლის ნოემბრამდე ს. მ-ძისათვის გადაეხადა 3000 ლარი, საქმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აღნიშნული მორიგების აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგსა და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს.მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცებული მორიგება ბათილია, ვინაიდან იგი დაიდო სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ს.მ-ძის მოტყუებით, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მისი გამოუცდელობის გამოყენების შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი არ დასთანხმდებოდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით 5514,90 ლარად შეფასებული ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდას მით უფრო, რომ, არსებული ეკონომიკური კრიზის პირობებში, 2009 წლის ნოემბრისათვის მითითებული თანხა შესაძლოა გაუფასურდეს. სასამართლოს არ უმსჯელია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე მუხლების დარღვევით, მოწინააღმდეგე მხარე მორიგებისას არ იყო კეთილსინდისიერი და ბოროტად ისარგებლა მოსარჩელის გულუბრყვილობით.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-შვილს ს. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5514,90 ლარის გადახდა, რაც ი.კ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

2009 წლის 17 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა შეადგინეს მორიგების აქტი და წარუდგინეს იგი სასამართლოს დასამტკიცებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

ამასთან, საქმის მორიგებით დასრულებისას გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამდენად, მორიგების პირობებზე შეთანხმებას მხარეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, ვინაიდან სასამართლოს მიერ მათი დამტკიცების შემდეგ განსახილველი დავა მთავრდება და მხარეთა შეთანხმებას სასამართლო გადაწყვეტილების ძალა ენიჭება.

მოცემულ შემთხვევაში ს.მ-ძემ გამოავლინა რა ნება სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგების შესახებ, გასაჩივრებული განჩინებით აღნიშნული მორიგების აქტი სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად დაამტკიცა და ს.მ-ძის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლის არსებობა არც საქმის მასალებით და არც წარმოდგენილი კერძო საჩივრით არ დასტურდება.

დაუსაბუთებელია ს.მ-ძის მითითება სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 81-ე, 408-409-ე მუხლებზე და მხარის მოსაზრება, რომ ი.კ-შვილმა ბოროტად ისარგებლა მისი გულუბრყვილობით, როდესაც 5514,90 ლარის ზიანის ანაზღაურების ნაცვლად, მორიგებით 3000 ლარი მიაკუთვნა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მორიგების არსი სწორედ იმაში მდგომარეობის, რომ გარკვეული დათმობის სანაცვლოდ მხარეთა შორის სასამართლო დავა დასრულდეს, ხოლო საკუთარი მოთხოვნებისა და უფლებების დათმობის მოცულობას ყოველი მხარე დამოუკიდებლად წყვეტს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.