¹ას-272-602-07 22 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე
თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ბ-ეE (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “-- -- --” (მოპასუხე)
დავის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების გადავადება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 30 დეკემბერს ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სს „-- -- --“ გაკოტრების საქმის წარმოების სამი თვით გადავადება, ექსპერტიზის დანიშვნა, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განჩინების აღსრულების დროებით შეჩერება, საადვოკატო ბიუროს „მ-ი და პარტნიორების“ ადვოკატ რ. მ-ს მიერ წერილობით შედგენილი მოხსენების ხელნაწერის გამოთხოვა, რომელიც წაკითხულ იქნა 2005 წლის 21 თებერვალს გამართულ კრედიტორთა პირველ კრებაზე, მისი მონაწილეების მოწმეთა სახით დაკითხვა და საშვთა ბიუროსა და დასაქმების სამსახურის გაუქმება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ 2006 წლის 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, კერძოდ, ბაჟის დაკისრების ნაწილში შესწორების შეტანა, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 80 ლარი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებაში კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად მითითებულ იქნა 100 ლარი.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახდელად განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟი - 81 ლარი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთანავე აპელანტს განემარტა, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
კერძო საჩივრის ავტორმა ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ 2006 წლის 21 დეკემბერს ხარვეზის შესახებ მიღებული განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება და სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. ბ-ის წარმოადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სახელმწიფო ბაჟის ოდენობად განესაზღვრა 81 ლარი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში ზემდგომ სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, რომელმაც საბოლოო განჩინება გამოიტანა მოცემულ საქმეზე. აღნიშნული განჩინების გასაჩივრება კი დაუშვებელია.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-ის წარმოადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.