Facebook Twitter

¹ას-277-535-08 27 მაისი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ.გ -ძე(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სპს “ძ.ვ-ძე” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. . აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სპს “ძ.ვ-ძემ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.გ-ძის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: ზ.გ-ძემ ლომბარდიდან გაიტანა 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც დააბრუნა მხოლოდ 3500 აშშ დოლარი. ამდენად, მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 56 500 აშშ დოლარის გადახდა.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლების მიერ.

ბ. საქალაქო სასამართლოს 20..წ. . ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ.გ-ძეს სპს “ძ.ვ-ძის” სასარგებლოდ დაეკისრა 56 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 2542,50 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ.გ-ძემ, თუმცა ამავე სასამართლოს 20.. წ. . ოქტომბრის განჩინებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ზ.გ-ძის წარმომადგენელმა დ.კ-ძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 20.. წ. . იანვრის განჩინებით აპელატს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახადელად. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 20..წ. ..მარტს, თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ.გ -ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვა შემდეგი საფუძვლით: ზ.გ-ძე მოცემულ სამოქალაქო საქმეში მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის _ დ.კ-ძის მეშვეობით. მისთვის ცნობილი იყო, რომ დ.კ-ძემ მხარის სახელით შეიტანა სააპელაციო საჩივარი, თუმცა არც ხარვეზის არსებობის და არც საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე წარმომადგენელს მისთვის არ უცნობებია. ზ.გ-ძე არაერთხელ უშედეგოდ შეეცადა დაკავშირებოდა დ.კ-ძეს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კი შეიტყო, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა არა მარტო აპელანტის წარმომადგენლისათვის, არამედ თავად მხარისათვისაც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. ..იანვრის განჩინებით ზ.გ-ძის წარმომადგენელ დ.კ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 1695 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადასახდელად. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მხოლოდ დ.კ-ძეს და ჩაბარდა მას 20..წ. ..მარტს. ზ.გ-ძეს ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაგზავნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნია, რომ ზ.გ -ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (გასაჩივრებული განჩინების მიღების მომენტისათვის მოქმედი რედაქციით), მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, საპროცესო მოქმედების შესახებ სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. მითითებული მუხლით უზრუნველყოფილი იყო მხარისა და მისი წარმომადგენლის უფლება, მიიღონ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაუგზავნა მხოლოდ მხარის წარმომადგენელ დ.კ-ძეს, რითაც ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა დაარღვია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ზ.გ-ძეს სააპელაციო პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, როდესაც ხარვეზის შევსების ვადა აითვალა დ.კ-ძის მიერ ხარვეზის განჩინების ჩაბარების მომენტიდან და ამ ვადის გასვლის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ.გ -ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.