¹ას-278-536-08 21 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე –შ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 08 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი –თანხის დაკისრება, წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონის სოფ. .......-ში, აწ გარდაცვლილ ა. და მ. ს-ის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო ნაკვეთში განთავსებული შენობა-ნაგებობიდან და მრავალწლიანი ნარგავებიდან, რომელიც შეფასებული იყო 4222 ლარად, გ. ბ-ს მიეკუთვნა 2111 ლარის ღირებულების ქონება. კერძოდ: საცხოვრებელი სახლიდან მიეკუთვნა პირველ სართულზე 49 კვ.მ ფართის მქონე ოთახი ¹2, ღირებული 400 ლარად, ხოლო სახლის მეორე სართულზე 49 კვ.მ ფართის მქონე ოთახი ¹6, ღირებული 410 ლარად, სულ 810 ლარის ღირებულების 98 კვ.მ ფართი.
მოპასუხე – ე. ს-ეს საცხოვრებელი სახლიდან მიეკუთვნა სახლის პირველ სართულზე 13 კვ.მ ფართის ოთახი ¹4, ღირებული 132 ლარად, 14.1 კვ.მ აბაზანა ¹3, ღირებული 150 ლარად, ხოლო მეორე სართულზე 41 კვბმ ფართის ოთახი ¹5, ღირებული 460 ლარადბ
საერთო სარგებლობაში დარჩა აივანი ¹7, 27.3 კვ.მ ფართის, ღირებული 260 ლარად და 41 კვბმ აივანი ¹1, ღირებული 390 ლარად, სულ 69.1 კვ.მ ფართის ღირებული 650 ლარად.
დამხმარე ნაგებობიდან გ. ბ-ს მიეკუთვნა ხის ბეღელი, შეფასებული 160 ლარად და სასიმინდე 105 ლარად, სულ 265 ლარის ღირებულების.
დამხმარე ნაგებობიდან ე. ს-ეს მიეკუთვნა საქონლის სადგომი შეფასებული 280 ლარად, საქათმე 125 ლარად და თონე 15 ლარად, სულ 310 ლარის ღირებულების ქონება.
დამხმარე სათავსოდან – „კუხნიდან“ გ. ბ-ს მიეკუთვნა წარმოდგენილი სქემის მიხედვით 21.1 კვ.მ ფართის აივანი ¹3, ღირებული 185 ლარად და 23.1 კვ.მ ფართის ოთახი ¹4, ღირებული 265 ლარად, სულ ღირებული 450 ლარად.
დამხმარე სათავსოდან „კუხნიდან“ მოპასუხეს ე. ს-ეს მიეკუთვნა 20,8 კვ.მ ფართის აივანი ¹1, ღირებული 200 ლარად და 18,2 კვ.მ ფართის ოთახი ¹2, ღირებული 207 ლარად, სულ 407 ლარის ღირებულების.
საკარმიდამო ნაკვეთიდან, რომელიც შეადგენს 7185 კვ.მ გ. ბ-ს გამოეყო 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ე. ს-ეს დაეკისრა გ. ბ-ის სასარგებლოდ ნარგავ-ნამყენების ღირებულების ნახევრის 223 ლარის გადახდა.
მოპასუხე ე. ს-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-ემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ე. ს-ის მიმართ შ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 5 ივლისს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ ე. ს-ე და მისი წარმომადგენელი მ. ჯ-ე.
დადგენილია, რომ ე. ს-ემ სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამაპრთლოში წარადგინა 2008 წლის 21 იანვარს.
პალატამ მიიჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყუვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2007 წლის 21 ივლისი., შესაბამისად აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა, რაც დაუშვებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ს-ემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2007 წლის 5 ივლისს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცხადდა გადაწყეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მიწის ნაკვეთის გაყოფის თაობაზე, სასამართლომ გამოაცხადა, რომ სრულყოფილი გადაწყვეტილება ჩაბარდებოდა 14 დღის ვადაში. რომ ნამდვილად სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა არ უარყოფს ადვოკატი მ. ჯ-ე, რომელმაც რამოდენიმეჯერ მოითხოვა სრულყოფილი გადაწყვეტილება მოსამართლის თანაშემწესთან, სადაც პასუხობდნენ, რომ არ იყო მზად, მოსამართლისა და თანაშემწისათვის ცნობილი იყო, რომ სარეზოლუციო ნაწილით იგი უკმაყოფილო და გასაჩივრებას აპირებდა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2008 წლის 15 იანვარს გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე შეიტანა განცხადება გადაწყვეტილებაში უსწორობის აღმოფხვრაზე ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად მითითებული იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღე, ეს განცხადება შეცვალეს გასაჩივრების ვადის აღდგენით და განმარტეს, რომ მას უნდა შეეტანა სააპელაციო საჩივარი. ასე მოატყუეს და დარჩა გაწბილებული. აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უყურადღებობა გამოიჩინა და არ გადაამოწმა სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული მოტივი, თუნდაც ზეპირი მოსმენით, მხარეთა გამოკითხვით არ მიიწვია სხდომაზე, ისე დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ე. ს-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ვინაიდან, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ ე. ს-ე და მისი წარმომადგენელი მ. ჯ-ე, შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2007 წლის 21 ივლისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს, მათ შორის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის სხდომის ოქმიდან არ ირკვევა გამოცხადდა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ს.ფ 111). ამასთან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.