ას-278-600-09 4 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჩ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ჯ-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჩ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელემ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ქ.თბილისში, ... მე-5 კორპუსში მდებარე ¹66 ბინა, რომელშიც უკანონოდ ცხოვრობს მოპასუხე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
მ. ჩ-იამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა და კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობა, თუმცა მოგვიანებით საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელი გაიხმო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მ.ჩ-იას შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თანმყოფ პირებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლდა, რაც მ.ჩ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინებით მ.ჩ-იას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ საქმის განხილვისას მ. ჩ-იამ თავის სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ჩ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: მ.ჩ-იას მიერ თავის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა განპირობებული იყო შეცდომითა და მისი ადვოკატის არასწორი იურიდიული კონსულტაციით. ფაქტობრივად, მხარეს სურდა საქმის წარმოების შეჩერება, რადგან ქ.თბილისის ისანი-სამგორის შსს სამმართველოს მე-4 ქვეგანყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ფაქტზე, სადაც მოწმეებად დაიკითხნენ ო. ჯ-ძე, ი. ჯ-შვილი და ნოტარიუსი ნ. ჯ-ძე, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაყალბებაში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ირკვევა მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერება, კერძოდ, იგი იყო ივ.ჯ-შვილის მეგობარი და იცოდა სადავო ბინაზე მიმდინარე დავის შესახებ.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება მ. ჩ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა 2009 წლის 6 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მან უარი განაცხადა თავის სააპელაციო საჩივარზე, რის შესახებაც წერილობით მიმართა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ჩ-ია მონაწილეობდა ადვოკატთან ერთად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს თანმდევი სამართლებრივი შედეგები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგად საქმის წარმოება წყდება და მას იმავე სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა აღარ მიეცემა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მ. ჩ-იამ სასამართლო სხდომაზე გამოხატა თავისი ნება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მისი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად შეწყვიტა საქმის წარმოება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, ადვოკატის მიერ არასწორი იურიდიული კონსულტაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი მხარე დამოუკიდებლად ირჩევს წარმომადგენელს და ანდობს მას სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, აღნიშნული ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჩ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.