Facebook Twitter

ას-279-609-07 28 მაისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «.. ..» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «.. ..ის» მიმართ სახელფასო დავალიანებისა და სამუშაოდან გათავისუფლებისას გასასვლელი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შ. კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითრის წარსადგენად. ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განჩინებით კი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინებით შ.კ-ს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა მის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 16 თებერვალს, თუმცა მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარის დასაშვებად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაუდგინა ხარვეზი აპელანტს და დაარღვია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები _ სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. მითითებული ნორმის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი არ დაეკისრებათ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა სასარჩელო მოთხოვნა ეხება შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურებას.

მოცემულ შემთხვევაში შ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ შრომითი ანაზღაურების მიღება.

ამდენად, დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ შ. კ-ის სააპელაციო საჩივარს ხარვეზი უკანონოდ დაუდგინა, რადგან აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ზემოხსენებული კანონის დანაწესით გათავისუფლებული იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და 374-ე მუხლი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.