Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№126აპ-17 ქ. თბილისი

ნ-ი ა, 126აპ-17 14 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ი-ს - ა. კ-ს და ა. ნ-ს - ბრალი დაედოთ დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. ა-მა შურისძიების მოტივით განიზრახა ს. ა-ს მოკვლა, რაც ცნობილი გახდა ნ-ის რაიონის სოფელ გ-ში მცხოვრებლების - ა. ი-ის, ა. ნ-ისა და ა. კ-ისათვის. მათ დანამდვილებით იცოდნენ, რომ მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ა. ი-ის, ა. კ-ისა და ა. ნ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ს. ა-ი მოკლეს და არც ამის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ნ-ს ბრალი დაედო ასევე პოლიციელზე თავდასხმაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 28 ივლისს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ა. ნ-ი, რომელიც სისხლის სამართლის №... საქმეზე დაბარებული იყო მოწმის სახით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა შს ბორჯომის რაიონული სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებელ ზ. ა-ს და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით ა. ი-ი, ა. კ-ი და ა. ნ-ი გამართლდნენ მათთვის წარდგენილ ბრალდებებში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა და ითხოვა ა. ი-ისა და ა. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით, ხოლო ა. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლითა და 3531–ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი-ის, კ-ისა და ნ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

9. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ამომწურავად მიუთითა იმ მოტივებზე, რის საფუძველზეც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა ძალაში, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე