¹ას-284-541-08 28 მაისი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ფ. კ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ვ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის ........, მ. კ-ე, ნ. შ-ი, მ. ლ-ე, გ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის ........, მოპასუხეებად მიუთითა ბათუმის პირველი სანოტარო კანტორა და ლ. ბ-ი. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში ........ და ......... ქუჩათა ნომერ 10/18-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე სანოტარო მოქმედების გაუქმება და მისი კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-ემ. მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მას სადავო სახლი კანონის დაცვით ჰქონდა მიღებული და იყო მისი კეთილსინდისიერი მფლობელი. ამასთან მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის .........-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის ........-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამარტლოს 2007 წლის 08 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მ. კ-ემ, ნ. შ-მა მ. ლ-ემ, ო. თ-ის უფლებამონაცვლე გ. ქ-ემ 2007 წლის 02 ივლისს განცხადებით მომართე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ფ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განხილვა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის, ნ. შ-ის, მ. ლ-ის, ო. თ-ის უფლებამონაცვლის გ. ქ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება ფ. კ-ის სააპელაციო საჩივრით ქალაქ ბათუმის .........-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო საჩივრის არსებით განხილვის დაწყებამდე მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა თ. შ-ამ სასამართლოს მიმართა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მოთხოვნით – მისი დაუშვებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია 1998 წლის 9 მარტს. იმ დროს მოქმედებდა 1964 წლის რედაქციის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი.
პალატამ მიიჩნია, რომ ფ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს აღნიშნული კოდექსის დანაწესთა თანახმად.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1998 წლის 26 მარტს, რის გამოც 2004 წელს შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. კ-ემ და მისმა წარმომადგენელმა ვ. ხ-მა
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელის განმარტებით, სასამართლომ განჩინების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. გაუგებარია სააპელაციო პალატამ რატომ გამოიყენა დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 187-ე, 272-ე, 275-ე და 372-ე მუხლების ნორმები, მაშინ როცა ხსენებული ნორმებით რეგულირდება სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და არა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. ამასთან არასწორია კანონის და სამართლის ანალოგიის გამოყენება, რადგანაც აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს 2006 წლის 11 თებერვლის განჩინებით დადგენილი იქნა დასაშვებობის საკითხი. ამასთან დადგენილი იქნა, რომ ფ. კ-ის მიერ გასაჩივრების ვადა გაშვებული არ არის, აღნიშნული განჩინება დღესაც ძალაშია, გასაჩივრებული განჩინებით გაუგებარია იგი პალატამ გააუქმა თუ არა, ან ქონდა თუ არა უფლება პალატას იმავე დონის პალატას განჩინების გაუქმების უფლება, როცა ასეთზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 ივნისის განჩინებაცაა წარმოდგენილი.
ასეთ შემთხვევაში დასახელებული განჩინების გაუქმება შეიძლებოდა ან ახალ გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა წესით, რადგანაც სსკ 374-ე მუხლი სააპელაციო საჩივრის მიღების თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრებას და გაუქმებას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატა არ დაინტერესებულა, თუ რატომ ხდებოდა ამ საქმეზე ასეთი დაინტერესება, თუ რატომ ან, როგორ მოხდა, რომ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე საკუთრებაში არსებული სახლმფლობელობა წაართვეს ფ. კ-ეს ან რომ სცოდნოდა ფ. კ-ეს სადავო გადაწყვეტილების შესახებ უსაფუძვლოდ უკანონო გადაწყვეტილებით ჩამორთმეულ სახლმფლობელობაზე იგი არ გააგრძელებდა დავას და მას ყოველგვარი დავის გარეშე დაუთმობდა, თუ გინდ მდგმურებს ან ქალაქის ........-ას რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ საქმეში ძალიან ბევრი სიყალბეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა კერძო საჩივარი გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფ. კ-ის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებულია 1998 წლის 9 მარტს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოთში შეტანილია 2005 წლის 6 იანვარს ანუ შვიდი წლის გასვლის შემდეგ. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით ზემდგომ სასამართლოს არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული არ ყოფილა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო 14 დღის განმავლობაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საკასაციო საჩივარი რჩებოდა განუხილველი (293-ე მუხლი). ამასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო საპროცესო ვადის აღდგენაც (12-ე მუხლი). უნდა აღინიშნოს, რომ ფ. კ-ეს შვიდი წლის განმავლობაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს ასეთი სახის მოთხოვნით. მიმართვის შემთხვევაშიც კი მხარე ვალდებული იყო მიეთითებინა ისეთ მიზეზზე, რომელიც საშუალებს მისცემდა სასამართლოს მხარის მიერ გაშვებული ვადა მიეჩნია საპატიოდ. ის გარემოება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მხარეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის, შეუძლებელია რაიმე მიზეზით მიჩნეული ყოფილიყო საპატიოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დამოკიდებულია არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კანონის განუხრელად დაცვაზე, არამედ თვით სასამართლოსათვის მიმმართავ პირთა ვალდებულებაზეც, მოახდინონ მათ მიერ კანონით მინიჭებული უფლებათა მართლზომიერი რეალიზაცია. იმ პირობებში, როდესაც კანონი ადგენს გასვაჩივრების 14 დღიან ან ერთთვიან ვადას, მხარე ვალდებულია სწორედ ამ ვადაში გაასაჩივროს მისთვის მიუღებელი სასამართლო გადაწყვეტილება, რამეთუ ასეთი ვადის გასვლის შემდეგ ზემდგომი სასამართლო აღარაა უფლებამოსილი გადასინჯოს სასამართლოს მიერ მიღებული თუნდაც უკანონო გადაწყვეტილება, სასამართლოში მიმდინარე დავის გარშემო ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში.
ის გარემოება, რომ ფ. კ-ემ არ იცოდა მის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან თვითონ ფ. კ-ე საჩივრებში უთითებს, რომ ის გამოაგდეს სახლიდან და შეკედლებულია სხვა პირებსთან, თუნდაც ასეთ პირობებში მას შეეძლო გაერკვია თუ რა იყო მისი სახლიდან გამოძევების საფუძველი.
მართლმსაჯულების განხორციელება თავის მხრივ ემსახურება საზოგადოებაში გარკვეულ სატაბილურობის შექმნას. რაც თავისთავად გამორიცხავს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა დაუსრულებლად გადასინჯვის შესაძლებლობებს, სწორედ ამ პრინციპზე ითქვა უარი ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემუშავებისას და დღეისათვის როდესაც მოქმედი საპროცესო კოდექსით აღარ არსებობს 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილებათა არანაირი გადასინჯვის შესაძლებლობა (426-ე), მითუფრო დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღებიდან შვიდი წლის გასვლის შემდეგ საქმის ხელახლა განხილვის დაშვება, თუნდაც სააპელაციო წესით განხილვის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალ აქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.