¹ას-287-609-09 25 ივნისი , 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. მ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს « .. ..»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-იანის სარჩელი შპს « .. ..» მიმართ დამღის დადების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ვ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. მ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მის მეუღლეს ჩაჰბარდა არა 2009 წლის 16 იანვარს, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ 2009 წლის 17 იანვარს, შესაბამისად, მისი განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 18 იანვრიდან, ამდენად, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო არა 2009 წლის 30 იანვარი, არამედ 31 იანვარი, შაბათი დღე. ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადა დაემთხვა არასამუშაო დღეს, საჩივარი წარადგინა ორშაბათს 2009 წლის 2 თებერვალს, შესაბამისად, მას გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ვ. მ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ვ. მ-იანის მეუღლეს _ თ. მ-ძეს უშუალოდ ჩაჰბარდა 2009 წლის 16 იანვარს, (ს.ფ74), ხოლო ვ. მ-იანმა სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2009 წლის 2 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2009 წლის 30 იანვარი.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მის მეუღლეს ჩაჰბარდა არა 2009 წლის 16 იანვარს, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ 2009 წლის 17 იანვარს. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ვ. მ-იანის მეუღლის _ თ. მ-ძის მიერ დაწერილი ხელწერილი, რომლითაც ჩაბარების თარიღად თ. მ-ძე უთითებს 2009 წლის 16 იანვარს (ს.ფ. 74A). ამდენად, ვ. მ-იანის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონი დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ვ. მ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.