Facebook Twitter

ას-288-610-09 14 მაისი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. პ-ძე, შ. ჩ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჟ-ელი, შპს ,,ლ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-ძემ, ლ. ვ-შვილმა, შ. ჩ-ძემ, გ. მ-ძემ, პ. ჯ-შვილმა, თ. ვ-შემ, ნ. მ-იამ, ლ. მ-ელმა, მ. ხ-ავამ, დ. გ-ძემ, გ. გ-შვილმა, ი. ქ-შვილმა, ც. ბ-შვილმა და ნ. პ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,ლ.” და მ. ჟ-ელის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები არიან ქ.თბილისში, ... ქ.¹24-სა და ... ქ.¹33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების მობინადრეები. შპს «ლ.» მიერ წარმოებულმა მშენებლობამ დაიკავა აღნიშნული კორპუსების ეზოს ტერიტორიაც. მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ტერიტორია ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე წარმოადგენდა მ. ჟ-ელის საკუთრებას, რომელმაც 2007 წლის 21 მაისს მითითებული უძრავი ქონება მიჰყიდა შპს «ლ.». სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ადმინისტრაციული აქტი ცნობილ იქნა არარად, თუმცა საჯარო რეესტრმა არ გააუქმა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს «ლ.» აღრიცხვის ჩანაწერი იმ მოტივით, რომ მ.ჟ-ელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალადაკარგულია, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ლ.» საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. ამდენად, 2007 წლის 21 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ნ.პ-ძემ და შ.ჩ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარი შეიცავდა შუამდგომლობას სახელწიფო ბაჟის განსაზღვრისა და დაკისრების თაობაზე, კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები იყვნენ რა მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეები, სარჩელის წარმოებაში მიღებისას საქალაქო სასამართლომ თითოეულ მოსარჩელეს დამოუკიდებლად არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო ბაჟის დაანგარიშების საფუძველი უნდა ყოფილიყო არა მოსარჩელეთა რაოდენობა, არამედ მოთხოვნის სამართლებრივი ხასიათი. ამდენად, აპელანტის მითითებით, სააპელაციო საჩივრისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟის თითოეული მოსარჩელის მიერ დამოუკიდებლად გადახდა აღემატება მობინადრეთა უმრავლესობის ფინანსურ შესაძლებლობას, რის გამოც მრავალბინიანი კორპუსების მობინადრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ამხანაგობათა თავმჯდომარეებმა, შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მათ შპს «ლეონის» მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის განჩინება ნ. პ-ძის ოჯახის წევრს, დეიდაშვილ ნ. ქ-ძეს _ 2009 წლის 23 თებერვალს, ხოლო შ. ჩ-ძის წარმომადგენელ გ. ც-ძეს 2009 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტ მხარეს სასამართლოს მირ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.პ-ძისა და შ.ჩ-ძის წარმომადგენელმა გ.ც-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განუსაზღვრა აპელანტს ხარვეზი, როდესაც დააკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტით დადგენილი 150 ლარის გადახდა, არამედ ნასყიდობის საგნის ღირებულების 4%-ის ჩარიცხვა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნა არაქონებრივი ხასიათისა იყო, ვინაიდან იგი რაიმე ქონების მიკუთვნებას არ მოითხოვდა.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ.პ-ძემ და შ.ჩ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრით მხარემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გარკვეული წესით განსაზღვრის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 7 დღის ვადაში მისი გამოსწორება.

საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება ნ. პ-ძის ოჯახის წევრს, დეიდაშვილ ნ. ქ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 23 თებერვალს, შ. ჩ-ძის წარმომადგენელ გ. ც-ძეს კი _ 2009 წლის 24 თებერვალს.

აღნიშნულის მიუხედავად, ნ.პ-ძესა და შ.ჩ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.პ-ძისა და შ.ჩ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია ნ.პ-ძისა და შ.ჩ-ძის საპროცესო უფლება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული კანონით დადგენილი წესით წარდგენილი შუამდგომლობის განხილვის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ადგენს სასამართლოსათვის მხარეთა მიერ შუამდგომლობის წარდგენის წესსა და იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მხარეს ერთმევა შუამდგომლობის წარდგენის უფლება. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების არარსებობისას სასამართლო ვალდებულია, განიხილოს მხარის შუამდგომლობა და თავისი განჩინებით დაასაბუთოს მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრასთან დაკავშირებით მითითებულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია არც სააპელაციო საჩივრისათვის ხარვეზის დადგენის ეტაპზე და არც დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზნით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ამასთან, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სადავო ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან არასწორად გამოთვალა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. დასახელებული ნორმა ადგენს რა ქონებრივ-სამართლებრივ დავებზე სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის წესს, აღიარებითი სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებულ პირობებს არ ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შესაბამისად, მხარეები სადავოდ ხდიან აღნიშნული ნივთის მესაკუთრის საკუთრების უფლებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითი ხასიათისაა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ.პ-ძისა და შ.ჩ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.