ას-289-611-09 14 მაისი, 2009 წელო
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. რ-ავა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ. და ო. ბ-იები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. და ო. ბ-იებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე მ. რ-ავას მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით აღნიშნული სამოქალაქო საქმე განსჯადობით განსახილველად გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში დარჩა განუხილველი. მოთხოვნის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ თ. და ო. ბ-იებმა მოითხოვეს ბავშვთან, 2006 წლის 23 იანვარს დაბადებულ ს.ბ-იასთან ნახვის დღეები განესაზღვროთ შემდეგი წესით: ნება დაერთო მამას – თ.ბ-იას და ბაბუას ო. ბ-იას ინახულოს ბავშვი კვირაში სამჯერ კერძოდ, პარასკევს 17 სთ-დან 20 სთ-მდე, შაბათს 11 სთ-დან 18 სთ-მდე და კვირას 11 სთ-დან 17 სთ-მდე წაყვანის უფლებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. და ო. ბ-იების სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2009 წლის 4 მარტს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
თ. და ო. ბ-იებს ს.ბ-იასთან ურთიერთობის წესი განესაზღვრათ შემდეგნაირად: თ. და ო. ბ-იებს ნება დაერთოთ ინახულონ ბავშვი შაბათს ან კვირას 11 სთ-დან და 18 სთ-მდე, ასევე სადღესასწაულო დღეებში და ბავშვის დაბადების დღეზე 2 საათის ხანგრძლივობით წაყვანის უფლებით. ბავშვთან ურთიერთობის აღნიშნული წესი ვრცელდება ბავშვის 5 წლის ასაკამდე, რის შემდეგაც ურთიერთობის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ან სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით დამტკიცდა აღნიშნული მორიგება და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. რ-ავამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, მან ბავშვს აუხსნა, რომ მამა წაიყვანდა კვირაში ერთხელ, აგრეთვე სადღესასწაულო დღეებში და დაბადების დღეზე 2 საათით. აღნიშნული ბავშვმა ძალზე განიცადა და გამოხატა პროტესტი, რომ მის გარეშე მამასთან არ წავიდოდა, რის შემდეგ მ. რ-ავამ მიმართა ნერვოპათოლოგს და აუხსნა, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არსებობდა სისტემატური კონფლიქტი. კონფლიქტი არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გამოიხატებოდა, რაც მოქმედებდა ბავშვის ფსიქიკაზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თ.ბ-ია ბავშვს განაწყობდა მის მიმართ აგრესიით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ბავშვს ეუბნებოდა დაერტყა მისთვის და ა.შ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იყო შემთხვევა, რომ თ.ბ-ია მის მშობლებთან სახლში შემოუვარდა იარაღით, ემუქრებოდა მოკვლით და ამ ფაქტს უყურებდა ბავშვი, თ.ბულია აგრესიული იყო ასევე საკუთარი დედის და დის მიმართაც, მათაც ხშირად ეჩხუბებოდა, ფიზიკურადაც ეხებოდა და ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2009 წლის 04 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის Aშესახებ სასამართლო განჩინებაზე მხარეებს შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა.
მ. რ-ავას მიერ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი იქნა კერძო საჩივარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ს.ბ-იაზე მამამისი ახდენს ცუდ გავლენას, რაც ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საკასაციო პალატამ შეაფასა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ს.ბ-იას ამბულატორული გასინჯვის ბარათი და თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომელიც ამართლებს კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებს. კერძოდ კი უნდა აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტიდან არ ირკვევა ის ფაქტი, რომ ბავშვის ძლიერი სულიერი მდგომარეობა განპირობებულია მამის გავლენით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მტკიცებულება ემყარება კერძო საჩივრის ავტორის მონათხრობს, ხოლო ექიმის დასკვნით ბავშვის სულიერი მდდგომარეობა შეესაბამება მის ასაკობრივ განვითარებას. გარდა ამისა, სამედიცინო ცნობას რომ გააჩნდეს მტკიცებულების ძალა,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტით. ხოლო განსახილველ შემთხვევაში კი ამბულატორიული გასინჯვის ბარათს ხელს აწერს მხოლოდ ექიმი. (ს.ფ 53)
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასკვნიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მამისა და ბაბუის ურთიერთობა ბავშვთან არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მას, ხელს არ უშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ ახდენს მასზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. რ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. რ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.