საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-293-550-08 9 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ჯ-იძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ა.-ო”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მესაკუთრედ აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჯ-იძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ა.-ოსა” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქ.სამტრედიაში, ...-ის ქუჩა ¹6-ში მდებარე 16,92 მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობის მესაკუთრედ აღრიცხვის, უძრავი ნივთის აღდგენისათვის 6768 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 1000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1995 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელესა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს შორის დაიდო ქ.სამტრედიაში, ...-ის ქუჩა ¹6-ში მდებარე საწარმო “თ.-ს” სახელოსნოს შენობის ნასყიდობის ხელშეკრულება, ობიექტი გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტით და ი. ჯ-იძე, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, შეუდგა საქმიანობას. 2007 წელს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს სადავო უძრავი ნივთის საკუთარ სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი, ვინაიდან მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელის კუთვნილი შენობა იყო აღმართული, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შპს “ა.-ს” სახელზე. შპს “ა.-მ”, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მოსარჩელის კუთვნილი შენობა მისი ნებართვის გარეშე სხვა ადგილას გადაიტანა, სადაც იგი დაიწვა და განადგურდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.სამტრედიაში, ...-ის ქუჩა ¹6-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შპს “ა.-ს” საკუთრებაა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ა.-ს” ი. ჯ-იძის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა შპს “ა.-მ”, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ ი. ჯ-იძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ი. ჯ-იძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ამავე პალატის 12 თებერვლის განჩინებით შპს “ა.-ს” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2008 წლის 4 მარტს ი. ჯ-იძემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით ი. ჯ-იძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 379-ე მუხლით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება ი. ჯ-იძემ უკვე გამოიყენა და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ჯ-იძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი. ფაქტობრივად, შპს “ა.-ს” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, შესაბამისად, სასამართლოს წარმოებაში უნდა მიეღო და განეხილა ასევე ი.ჯ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ი. ჯ-იძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველი, რაც მხარეს არ გაუსაჩივრებია.
რაიონული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაზე შპს “ა.-ს” მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი კი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2008 წლის 4 მარტს ი. ჯ-იძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განჩინებით ცნობილ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი. ჯ-იძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 379-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, ან მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში მიმართონ სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით. სააპელაციო და შეგებებულ სააპელაციო საჩივრებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა ხდება მხარის მიერ დამოუკიდებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრების მიუხედავად და მისი განხილვაც მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი ბედის გაუთვალისწინებლად, მაშინ, როცა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა ხდება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ, მის საწინააღმდეგოდ, რაც ფაქტობრივად მიუთითებს, რომ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეუტანლობისას შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა აღძრული არ იქნებოდა.
ცხადია, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ძირითადი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ან მასზე უარის თქმა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას გამოიწვევს.
ასევე, ძირითადი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება, წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიუხედავად იმისა, ნათქვამი აქვს თუ არა მას უარი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კანონი მოწინააღმდეგე მხარეს უფლებას ანიჭებს, სააპელაციო საჩივარს დაუპირისპიროს შეგებებული აპელაცია. ამდენად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს ის გარემოება, რომ მხარის მიერ შეტანილი ძირითადი სააპელაციო საჩივარი ამა თუ იმ მიზეზით დატოვებულ იქნა განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ი.ჯ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანით ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება უკვე გამოიყენა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ი.ჯ.-ის ძირითადი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, ამავე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება კერძო საჩივრის ავტორს წარმოეშვა სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს “ა.-ს” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველზე. ამდენად, სადავო შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანით ი. ჯ-იძემ განახორციელა თავისი კანონიერი საპროცესო უფლება, რაც გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა შეფასებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჯ-იძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.