Facebook Twitter

ას-293-621-07 18 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ .. ..” დირექტორი დ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჩ-ე (მოსარჩელე)

მ. ს-ე (მოპასუხე)

დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ჩ-მ 2006 წლის აპრილში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ს-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ჯ. ს-ის მიერ შესყიდული 1900 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობების 1/2 წილზე მ. ს-სთან ერთად თანამესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის შემოსავლებიდან მიუღებელი წილის დაკისრება.

ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ჩ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ე. ჩ-ე ცნობილ იქნა მოპასუხე მ. ს-ის სახელზე ... ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1900 კვ.მ მიწის ფართობისა და მასზე განთავსებული ნაგებობების თანამესაკუთრედ. მოპასუხე მ. ს-ს მოსარჩელე ე. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლებიდან მიუცემელი წილის 5433 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..” დირექტორმა დ. ვ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორის დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..” დირექტორმა დ. ვ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს “ .. ..” და არა მ.ს-ის საკუთრებას. ამასთან, ბაზრობიდან შემოსული თანხები არ აუღია მ.ს-ს, არამედ იგი შემოდიოდა ბაზრის სალაროში და ვანის სასამართლოს მ.ს-სათვის თანხა არ უნდა დაეკისრებინა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში იგი გავლენას იქონიებს შპს “ .. ..”.

E საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორს დ. ვ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ .. ..” დირექტორის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორის დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 209-210).

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორს დ. ვ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 218-219). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს “ .. ..” დირექტორს დ. ვ-ს, რაც 2007 წლის 1 მაისს ჩაბარდა პირადად მას (ს.ფ. 221). მიუხედავად ამისა, მას განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ .. ..” დირექტორის დ. ვ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ .. ..” დირექტორის დ. ვ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.