Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№8აპ-17 ქ. თბილისი

უ-ი გ, 8აპ-17 5 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენით გ.. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; სსკ–ის 273–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. უ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 2 სექტემბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. უ-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულები გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 18 აგვისტოს ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენით გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი. 2015 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 19:25 საათზე, თ-ში, ლ-ის ქ. №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. უ-ი დააკავეს. მას ნარკოტიკული ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ,,ამფეტამინისა“ და ,,მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

გ. უ-მა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,89 მლ/ლ კუსტარული წესით დამზადებული სითხე, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინისა“ (მარილი) და ,,ამფეტამინის“ შემცველობით, რომელსაც ინახავდა პირადად. 2015 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 19:25 საათზე, თ-ში, ლ-ის ქ. №..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. უ-ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელშიც ,,მეტამფეტამინის“ (მარილი) ოდენობა იყო - 0.0145 გრამი, ხოლო ,,ამფეტამინის“ - 0. 0000366 გრამი.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა და ითხოვა მსჯავრდებულ გ. უ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილისა და პროკურატურის პირობის გამო, დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახადა. აღნიშნულის შედეგად მას (მსჯავრდებულს) არ მიეცა საშუალება, ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, რაც მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. უ-ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №171აპ-14, №515აპ-14), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. საპროცესო კოდექსი ორივე მხარეს თანაბრად ანიჭებს შესაძლებლობას, სადავოდ გახადონ ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოითხოვონ საქმის არსებითი განხილვისას მათი გამოკვლევა ან ცნონ მტკიცებულებები უდავოდ და უარი თქვან მათ გამოკვლევაზე. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლემ ბრალდებულსა და მის ადვოკატს განუმარტა მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები. დაცვის მხარემ მოსამართლის განმარტების შემდეგ კვლავ მიუთითა, რომ არ ხდიდა სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ სურდა მათი გამოკვლევა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. უ-ს შეეზღუდა უფლება, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე