ას-294-622-07 16 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – დ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. თ-ი, ლ. ძ-ი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – მკურნალობის, მოვლა-პატრონობის, რჩენისა და დასაფლავებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. თ-მა და ლ. ძ-მა და მოითხოვეს აწ გარდაცვლილი ზ. ბ-ის მკურნალობის, მოვლა-პატრონობის, რჩენისა და დასაფლავებისათვის გაწეული ხარჯების - 7220 ლარისა და 2000 აშშ დოლარის გ. და ა. ბ-თათვის გადასახდელად დაკისრება, ასევე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹36-ში მოპასუხეთა მფლობელობაში დარჩენილი მოსარჩელეთა ქონების დაბრუნების ან ამ ქონების შესაბამისი ღირებულების - 8281 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. და ა. ბ-ებს დაეკისრათ ზ. ბ-ის რჩენის, გარდაცვალებისა და დასაფლავებისათის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ხარჯების - 7920 ლარისა და 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მათვე დაეკისრათ მოსარჩელეთა ქონების გადაცემა, კერძოდ: “6 წყვილი თეთრეული, 48 წყვილი თეფში, 2 ცალი ლეიბი, 2 ცალი საბანი, 2 ცალი ლოგინზე გადასაფარებელი, ლამპა, ქვაბების კომპლექტი, ტაფების კრებული, 4 ცალი ჩაიდანი 2 ცალი ძვირფასი ლანგარი, დივანი, სმენის აპარატი, კედელი, 2 ცალი სავარძელი, 30 ცალი ბროლის ჭიქა, ბროლის ვაზა. 15-15 ცალი დანა-ჩანგალი, სტალინის ბიუსტი, 4000 ცალი წიგნი, 12 ცალი თეთრეული, 20 მეტრი ბიაზი, სამი წყვილი ქალის ბერძნული ფეხსაცმელი, შავი ფერის ნორკის მოკლე შუბა, ოთხი კომპლექტი ბერძნული ჩიხოლი, ქალის ახალი ბერძნული ჩექმა, 2 ცალი შანდალი, მაღალი ფაიფურის ვაზა, კოვზების, ჩანგლებისა და დანების კომპლექტი, 100 ცალი ქილა, ყავის სერვიზი, ყავის მადუღარა, ბიჟუტერია, 2 ცალი ქურთუკი, საკერავი მანქანა, 4 ცალი სკამი“. აღნიშნული ქონების ნატურით დაუბრუნებლობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა 8281 ლარის გადახდა.
ზემოთ მითითებულ სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს გ. და ა. ბ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით გ. და ა. ბ-ებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხულველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომელთაც შეტყობინება სხდომაზე მოწვევის შესახებ გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამდენად, მიიჩნია, რომ გ. ბ-ის საააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი, შეიტანა გ. ბ-ის წარმომადგენელმა დ. მ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის წარმომადგენელ დ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობისა და კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ბ-ის წარმომადგენლის – დ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ბ-ის წარმომადგენლის – დ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის წარმომადგენელ დ. მ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 157-158). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გ. ბ-სა და მის წარმომადგენელ დ. მ-ს გაეგზავნათ 2007 წლის 16 აპრილს (ს.ფ. 159-160), რაც კერძო საჩივრის ავტორსა და მის წარმომადგენელ დ.მ-ს პირადად ჩაჰბარდათ 2007 წლის 23 აპრილს (ს.ფ. 161-162). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 8 მაისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ის წარმომადგენელ დ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის წარმომადგენლის – დ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.