ას-297-619-09 6 აპრილი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 17 დეკემბერს ჟ. ფ-ძემ, ვ. ქ-ძემ, დ. გ-ძემ და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე დ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. მ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა დ.მ-ძემ სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დ.მ-ძეს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად.
სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ფოსტიდან დაბრუნდა შეტყობინება, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მცხოვრებმა დ. მ-ძემ უარი განაცხადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ეკუთვნოდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს პირველად გაეგზავნა 2008 წლის 28 ოქტომბერს, მეორედ კი _ 2008 წლის 18 ნოემბერს, ხოლო კერძო საჩივარი დ.მ-ძემ შეიტანა 2009 წლის 11 მარტს, ე.ი. გასაჩივრების 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. მ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.