ას-299-625-07 10 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ჯ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი_ყადაღის მოხსნა და სააღსრულებლო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ვ. ჯ-სა და ტ. ა-ს შორის შემდეგი პირობებით:
ტ. ა-ს დაეკისრა ვალდებულება გადაეხადა ვ. ჯ-სათვის 10 000 აშშ დოლარი საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ მოცემული განჩინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. თანხის გადაცემის ორ თვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში ტ. ა-ე დამატებით გადაუხდიდა ვ. ჯ-ს 2000 აშშ დოლარს. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ტ. ა-ის წარმომადგენელმა ც. ო-მა. განმცხადებელმა მოითხოვა ყადაღისგან ქონების განთავისფლებას, იმ მოტივით, რომ ტ. ა-ის მიერ განჩინებაში მითითებული პირობები შესრულებული იქნა, რაც დასტურდება 2006 წლის 14 ნოემბრს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერით. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია გაიყიდოს მისი საცხოვრებელი ბინა, რომელსაც აჟამად ადევს ყადაღა, რის გამოც შეუძლებელია ბინის გაყიდვა და მოითხოვა ყადაღის მოხსნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ტ. ა-ის განცხადება ყადაღის მოხსნის თაობაზე. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის განჩინება და ყადაღა მოეხსნა ა-ის ქონებას. პალატამ დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება რომ ტ. ა-ის მიერ მოხდა მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შესაბამისად აღარ არსებობს უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ჯ-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
სააპალაციო პალატამ ვ. ჯ-ის განცხადება სააღსრულებლო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ სააღსრულებლო ფურცელი გაიცემა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. მოცემულ საქმეზე კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეებს შორის და გაუქმდა მანამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. ჯ-ის მოთხოვნა სააპელაციო პალატის 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებლო ფურცლის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჯ-მ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით ორივე განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. მისი განმარტებით სასამართლომ არასწორად გაიგო უზენაესი სასამართლოს განჩინების შინაარსი. კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ტ. ა-ს დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი)აშშ დოლარის გადახდა. გადწყვეტილების ეს ნაწილი არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც ის ძალაში შევიდა. ამდენად, სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გადაცემის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მეორე განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ. ა-ის განცხადება, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, უკანონოა, ვინაიდან ტ. ა-ს მისთვის გადასახდელი აქვს 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. აქედან გამომდინარე ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს ყადაღა არ უნდა გაეუქმებინა.
აღნიშნულიდან გამომდინირე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განჩინებების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ვ. ჯ-სა და ტ. ა-ს შორის შემდეგი პირობებით: ტ. ა-ს დაეკისრა ვალდებულება, გადაეხადა ვ. ჯ-სათვის 10 000 აშშ დოლარი საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ მოცემული განჩინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. თანხის გადაცემის ორ თვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში ტ. ა-ე დამატებით გადაუხდიდა ვ. ჯ-ს 2000 აშშ დოლარს. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაქყვეტილების იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა ხსენებული მუხლი და სწორად მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაც. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ. ა-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დადგენილ ორთვიან ვადაში გადაუხადა ვ. ჯ-ს განჩინებით დადგენილი 10 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ბაზის ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერით და ვ. ჯ-ის ხელწერილით, რომლის შესაბამისად, მან მიიღო აღნიშნული თანხა, არ გააჩნია პრეტენზია ტ. ა-ის მიმართ და თანახმაა მოიხსნას სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები მხარეთა მიერ შესრულებულია, უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.