¹ას-301-622-09 28 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სპეციალური სალიკვიდაციო ფონდი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით «...... ფონდის» სარჩელი მ. ზ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა, მ. ზ-შვილი გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... პირველ კორპუსში მდებარე ¹75 ბინიდან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლოდბის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ზ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
მ. ზ-შვილმა 2008 წლის 26 ნოემბერს, 9 დეკემბერსა და 15 დეკემბერს განცხადებებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ. ზ-შვილს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოსადგენად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით მ. ზ-შვილის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნულ განცხადებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ზ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ზ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსი არ დააკმაყოფილებს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ. ზ-შვილს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სამოქაალქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოსადგენად.
ასევე დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი მ. ზ-შვილს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ 2009 წლის 4 მარტს ჩაჰბარდა მის დას _ ე. მესხს (ს.ფ.153). შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 16 მარტი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მ. ზ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი განცხადება დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
აღნიშნული ნორმა ავალებს სასამართლოს შეამოწმოს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა, რისთვისაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს ასეთი განცხადების ყველა პირობა, კერძოდ, პასუხობს თუ არა განცხადება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეავსო თუ არა განმცხადებელმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში (სსკ-ის 427-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მ. ზ-შვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მითითებული მუხლის თანახამდ, სააპელაციო სასამართლომ მისი განცხადება სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს კერძოO საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველბი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ზ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.