Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-302-559-08 11 ივნისი, 2008წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-შვილი

წარმომადგენელი _ ზ. ჯ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჯ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის პირველ მარტს თ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რ. ჯ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თბილისში, ...-ის დასახლება ¹58-ში მდებარე ¹2 ბინის გამოთხოვა და მისთვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება თავის სახელზე. ზეპირი გარიგების საფუძველზე მოპასუხეს შეუთანხმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, რომელმაც მას გადაუხადა 4500 აშშ დოლარი. მითითებული თანხიდან რ. ჯ-შვილმა მისგან რამდენიმე დღით ისესხა 2000 აშშ დოლარი, თუმცა შემდგომ აღარ დაუბრუნა. აღნიშნულის გამო, მათ შორის მიმდინარეობდა სასამართლოში დავა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მორიგებით დასრულდა. მხარეთა მორიგება ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს:

რ. ჯ-შვილი კისრულობდა ვალდებულებას, თ. გ-შვილისთვის გადაეხადა 2300 აშშ დოლარი 2002 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული თანხის დათქმულ ვადაში მიღების შემდეგ, თ. გ-შვილი თანახმა იქნებოდა თბილისში, ...-ის ... დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინა აღრიცხულიყო რ. ჯ-შვილის სახელზე. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რ. ჯ-შვილის პრეტენზია აღარ ექნებოდა სადავო ბინაზე და კისრულობდა ვალდებულებას ნებაყოფლობით დაეცალა ბინა და გადაეცა თ. გ-შვილისათვის (ს.ფ.24).

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა მორიგების პირობები, რის გამოც მოითხოვა კვლავ მის სახელზე რიცხული სადავო ბინიდან რ. ჯ-შვილის გამოსახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ჯ-შვილის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ...-ის ... დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა თ. გ-შვილს.

რ. ჯ-შვილმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 2007 წლის პირველი თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და დარჩა ძალაში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2007 წლის პირველი თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-შვილმა, მოითხოვა მათი გაუქმება და თ. გ-შვილის მიერ მის მიმართ აღძრულ ვინდიკაციურ სარჩელზე, სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით თ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის დასწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2007 წლის პირველი თებერვლის განჩინება; თ. გ-შვილის სარჩელზე, რ. ჯ-შვილის მიმართ უკანონო მფლბელობიდან ქ. თბილისში, ...-ის ... დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინის გამოთხოვის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. გ-შვილსა და რ. ჯ-შვილს შორის არსებულ დავაზე, მხარეთა მორიგების გამო, შეწყდა საქმის წარმოება და აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულის გამო, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ბინიდან გამოსახლების თაობაზე სარჩელის აღძვრის წინაპირობა, ვინაიდან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა (სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-შვილის წარმომადგენელმა ზ. ჯ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, მართალია, სარჩელი იმავე მხარეებსა და იმავე საგანზე იყო აღძრული, მაგრამ სხვა საფუძვლით, კერძოდ, რ. ჯ-შვილის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. გ-შვილის წარმომადგენელ ზ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საქმის წარმოების შეწყვეტას უკავშირდება ძალიან სერიოზული შედეგი: იმავე სარჩელით სასამართლოში ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია, იმავე სარჩელში იგულისხმება სარჩელი იმავევე მოთხოვნით, იმავე საფუძვლითა და იმავე მხარეებს შორის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.

მითითებული მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე სარჩელზე. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის. თუ ერთ-ერთი ელემენტი სხვაა, მაგალითად, მოთხოვნა იგივეა, მაგრამ საფუძველი სხვაა, ან კიდევ ყველაფერი და მათ შორის მოსარჩელე იგივეა, ხოლო მოპასუხე სხვა და ა.შ. სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. გ-შვილსა და რ. ჯ-შვილს შორის არსებული დავა, თ. გ-შვილის სარჩელის გამო, რ. ჯ-შვილის მიმართ რ. ჯ-შვილის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ...-ის ... დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინის გამოთხოვისა და თ. გ-შვილისათვის მის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოში მორიგებით დამთავრდა. მხარეთა მორიგება ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს:

რ. ჯ-შვილი კისრულობდა ვალდებულებას, თ. გ-შვილისთვის გადაეხადა 2300 აშშ დოლარი 2002 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული თანხის დათქმულ ვადაში მიღების შემდეგ, თ. გ-შვილი თანახმა იქნებოდა თბილისში, ...-ის ... დასახლება ¹158/2-ში მდებარე ბინა აღრიცხულიყო რ. ჯ-შვილის სახელზე. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რ. ჯ-შვილს პრეტენზია აღარ ექნებოდა სადავო ბინაზე და კისრულობდა ვალდებულებას, ნებაყოფლობით დაეცალა ბანა და გადაეცა თ. გ-შვილისათვის (ს.ფ.24).

აღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის პირველ მარტს თ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რ. ჯ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თბილისში, ...-ის დასახლება ¹58-ში მდებარე ¹2 ბინის გამოთხოვა და მისთვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეარმეო და გაკოტრების პალატის მიერ განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ბინიდან გამოსახლების თაობაზე სარჩელის აღძვრის წინაპირობა, ვინაიდან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა, რის გამოც შეწყვიტა საქმის წარმოება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო იზიარებს, ვინაიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობა იმავე დავაზე სარჩელის ხელახლა აღძვრის საფუძველს არ წარმოადგენს. მორიგების პირობების შეუსრულებლობა იძულებითი აღსრულების საფუძველია და, შესაბამისად, თ. გ-შვილს შეუძლია მოითხოვს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების იძულებით აღსრულება, სადაც ნათლად არის მითითებული, რომ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში ( 2002 წლის 31 დეკემბრამდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში), თ. ჯ.-ს სადავო ბინაზე პრეტენზია აღარ ექნებოდა. ამასთან, თუკი თ. გ-შვილი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 2 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, შეუძლია მიმართოს იმავე სასამართლოს ამ განჩინების განმარტების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. გ-შვილის წარმომადგენელ ზ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-შვილის წარმომადგენელ ზ. ჯ-შვილის კერძო არ საჩივარი დაკმაყოფილდეს;

ამ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.