¹ას-303-560-08 19 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ფ. კ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ლ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ფ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ფ. კ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს და არ ათავისუფლებს მოსარჩელის კუთვნილ ქ. თბილისში, ......... ქ. ¹29-ში მდებარე ¹44 ბინას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინა მას სარგებლობაში გადასცა ვ. ფ-მა, მოპასუხისაგან ნასესხები თანხის დაბრუნებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ბინა გამოთხოვილ იქნა ფ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა მოსარჩელეს, რაც ფ. კ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
სააპელაციო სასამართლოში ფ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 23 ოქტომბერს, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ დროს მხარეები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ადვოკატმა ლ. თ-მა და განმარტა, რომ იგი მოცემულ საქმეში იცავს ფ. კ-ის ინტერესებს, თუმცა საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდება ავადმყოფობის გამო და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ლ. თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. რაც შეეხება ლ. თ-ის განცხადებას, სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებში ფ. კ-ის მიერ ლ. თ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ფ. კ-მა და მისმა წარმომადგენელმა ლ. თ-მა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2007 წლის 23 ოქტომბერს ფ. კ-ი იყო ავად, რაც სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ფ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 23 ოქტომბერს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდათ. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს მხარეები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოცემულ შემთხვევაში სადავო სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყების მხარეთათვის ჩაბარების ფაქტი მათ კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებიათ.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ფ. კ-ი 2007 წლის 23 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარის ავადმყოფობა საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ იგი დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში ფ. კ-ს საქმის განხილვის დღეს თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.