¹ას-304-625-09 14 მაისი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. თ-ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. თ-ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა, ბინიდან გამოსახლება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 27 ნოემბერს ზ. თ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შ. თ-ძის მიმართ და მოითხოვა მამის _ ა. თ-ძის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ჩანაწერში სათანადო ცვლილების შეტანა (ტომი I, ს.ფ. 1-2).
2008 წლის 2 მაისს შ. თ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს ზ. თ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება თბილისში, ... ქ. ¹59-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (ტომი I, ს.ფ.52-61).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შ. თ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. თ-ძე გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... ქ. ¹59-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა შ. თ-ძეს (ტომი I, ს.ფ. 117-122).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 145-155).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ზ. თ-ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის (სარჩელის დავის საგნის ღირებულების მიხედვით), ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (შეგებებული სარჩელის დავის საგნის ღირებულების მიხედვით) წარმოდგენა (ს.ფ.3-6 ტ.II).
ზემომითითებული განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში ზ. თ-ძემ სააპელაციო სასამართლოში განცხადება წარადგინა, რომელსაც თან დაურთო 165 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განმცხადებელმა განმარტა, რომ გადახდილი თანხა წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების (2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) 4%-ს, რის შესაბამისადაც სარჩელის მოთხოვნაზე ხარვეზი შევსებულად უნდა მიჩნეულიყო. რაც შეეხებოდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას, ზ. თ-ძის აზრით, მას აღნიშნულ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაკისრებოდა, რამდენადაც მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოთხოვნის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება, თავისთავად განაპირობებდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს.
ამდენად, განმცხადებელი, ერთი მხრივ, ითხოვდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებულად მიჩნევას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობდა განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე დარჩენილი თანხის გადახდის გადავადებას (ტომი II, ს.ფ. 11-13).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით აპელანტს გაურძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მიერ წარდგენილი იყო 165 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სარჩელის დავის საგნის (მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა) ღირებულების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილშიც, რომლის დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ასევე უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი შეგებებული სარჩელის დავის საგნის ღირებულების მიხედვით, კერძოდ, 160 ლარი (ტომი II, ს.ფ. 17-20).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგარძელების შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ზ. თ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 18 იანვარს, ხოლო მის მიერ განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ შეტანილ იქნა 2009 წლის 26 იანვარს, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 26-30).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მას 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 18 იანვარს. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაიბარა მ. დ-ძემ, რომელთანაც იგი განქორწინებულია ქ. რუსთავის სახალხო სასამართლოს 1977 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა აპელანტის ოჯახის წევრს და გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. მითითებული პირისათვის გზავნილის ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების დაცვით გზავნილის ჩაბარებად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან განჩინების გზავნილი ნახა 2009 წლის 25 იანვარს, როდესაც ბაკურიანიდან შინ დაბრუნებულს აღნიშნული დოკუმენტი დახვდა სახლის კარებში, ხოლო მ. დ-ძის მიერ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეიტყო მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ჩაბარების შემდეგ. შესაბამისად, მას არ გაუშვია განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა (ტომი II, ს.ფ. 39-41).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. თ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სრულად, როგორც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის, ისე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 145-155). სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის (სარჩელის დავის საგნის ღირებულების მიხედვით), ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის (შეგებებული სარჩელის დავის საგნის ღირებულების მიხედვით) წარდგენა (ტომი II, ს.ფ. 3-6). ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ, დადგენილ საპროცესო ვადაში, აპელანტმა სასამართლოში წარადგინა სარჩელის დავის საგნის ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ტომი II, 15). აქედან გამომდინარე, მითითებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო აღარ არსებობდა, რის გამოც ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას არ ექვემდებარებოდა.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული მოთხოვნის ნაწილში ასევე არ არსებობს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოება ხარვეზის შევსების ვადის გაშვების გამო.
საქმეზე დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინების ზ. თ-ძისათვის განკუთვნილი ასლი ჩაჰბარდა მ. დ-ძეს. კერძო საჩივარზე თანდართულია ქ. რუსთავის სახალხო სასამართლოს 1997 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ზ. თ-ძესა და მ. დ-ძეს შორის არსებული ქორწინება შეწყვეტილია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ. თ-ძესა და მისთვის განკუთვნილი განჩინების მიმღებ პირს _ მ. დ-ძეს შორის ქორწინება შეწყვეტილია, ეს უკანასკნელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ, სასამართლო გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა განჩინების მ. დ-ძისათვის ჩაბარების დღეს არ უნდა დაუკავშირდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.