¹ას-304-630-07 31 მაისი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჟ. ზ-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 24 თებერვალს ჟ. ზ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მ. პ-ი-მ-ისა და ლ. მ-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ 2000 წლის 29 აპრილს მ. პ-ი-მ-ს ერთი წლის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლით ასესხა 10 000 აშშ დოლარი.
მოპასუხემ გადაუხადა პროცენტის სახით სულ 10 500 აშშ დოლარი, მათ შორის: 2000 წლის 30 აგვისტოს - 2000 დოლარი; 2001 წლის 18 სექტემბერს - 6000 დოლარი; 2002 წლის 30 მარტს - 2500 აშშ დოლარი.
რადგანაც სესხის აღებიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 46 თვე, შესაბამისად, პროცენტის სახით მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 23 000 აშშ დოლარი და 10 000 აშშ დოლარი - ძირითადი თანხა.
ამას უნდა გამოაკლდეს საპროცენტო სარგებელის სახით უკვე გადახდილი 10 5000 აშშ დოლარი და, საბოლოოდ, ამ ნაწილში მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 22 500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
გარდა ამისა, მოსარჩელის განცხადებით, 2002 წლის 17 იანვარს მან მოპასუხეს ასესხა უპროცენტოდ, 6500 აშშ დოლარი, ხოლო 2002 წლის 15 აგვისტოს, მოპასუხისავე თხოვნით, გადაიხადა მოპასუხის შვილის სწავლების საზღაური - 1600 აშშ დოლარი.
ამიტომ, მოსარჩელემ, საერთო ჯამში, მოითხოვა მოპასუხისათვის 30 600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ განაცხადა, რომ მას სარგებლიანი ვალი დაბრუნებული აქვს, რადგანაც 5% საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამებოდა ბანკთაშორისი აუქციონით დადგენილ განაკვეთს. საპროცენტო სარგებელი უნდა ყოფილიყო 3%.
მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი თანხა ფარავს, როგორც საპროცენტო სარგებელს, ასევე ძირითადი ვალის თანხასაც, როგორც სარგებლიანი, ასევე უსასყიდლო სესხის ნაწილში.
მოპასუხის შვილის სწავლების საზღაური კი მოსარჩელეს არ გადაუხდია. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 500 აშშ დოლარის გადახდა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი საზღაურის - 150 ლარის გადახდა.
სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ-ი-მ-მ შსს-სათვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა 14000 აშშ დოლარის ოდენობის ვალის არსებობა.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მან მოსარჩელეს ვალი დაუბრუნა. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის ვალი 20 500 აშშ დოლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. პ-ი-მ-მ.
მ. პ-ი-მ-მ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ მას აიძულეს პოლიციისათვის მიეცა ახსნა-განმარტება ვალის არსებობის შესახებ.
ამასთან, აღნიშნული ახსნა-განმარტება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ვალის აღიარებად, რადგანაც მას იგი არ განუცხადებია მხარის წინაშე.
სინამდვილეში, მათ მთლიანად აქვს დაფარული ვალი ჟ. ზ-ს მიმართ, რადგანაც 10 000 აშშ დოლარზე მხარეებს დადგენილი ჰქონდათ შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აპლენატის აზრით, მისი მთლიანი ვალი მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 19 200 აშშ დოლარს, მან კი მოსარჩელეს გადაუხადა 23 728 აშშ დოლარი.
აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი აღძრა ჟ. ზ-მ, რომელმაც განახადა, რომ სასამართლოს დასკვნა, თითქოს მ. პ-ი-მ-ის ვალი მის წინაშე შეადგენს 14000 აშშ დოლარს არ შეესაბამებოდა სინადმვილეს. მისი განმარტებით, მ. პ-ი-მ-ისაგან მისაღები აქვს სასყიდლიანი სესხის ნაწილში: ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და სესხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზარალი 40 თვის განმავლობაში - 9 500 აშშ დოლარი, მის მიერ ფაქტიურად მიღებული 10 500 აშშ დოლარის ჩათვლით; უსასყიდლო სესხის ნაწილში: 6500 აშშ დოლარი და თანხის 18 თვის განმავლობაში მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 5850 აშშ დოლარი;
ჟ. ზ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მ. პ-ი-მ-ისათვის 31 850 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ი-მ-ის სააპელაციო საჩივარი და ჟ. ზ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მ.-მ-ს ჟ. ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2950 აშშ დოლარის გადახდა.
ჟ. ზ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ჟ. ზ-ს მიეცა ხარვეზის გამოსწორების ვადა, ვინაიდან ამ ვადაში ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა ჟ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
მ. მ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2004 წლის 22 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი სასამართლოს განჩინების გაუქმება და ყადაღის მოხსნა. ქუთაისის სააპელაციო საამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილდა პ-ი-მ-ის განცხადება. გაუქმდა აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საწმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტონბრის განჩინება და შესაბამისად ყადაღა მოეხსნა მ. პ-ი-მ-ის ბინას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ზ-მ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე შეტანილი საკასაციო საჩივრი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეული იქნა საბოლოო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად. შემდგომ მან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს. სა კასაციო პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მისი განცხადება ცნობილი იქნა დასაშვებად. ჟ. ზ-ს განმარტებით განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განახლდეს საკასაციო საჩივრის წარმოება, ასეთ შემთხვევასი კი საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით არის იმის აუცილებლობა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ერთადერთ უძრავ ქონებას სარჩელის უზრუნველსაყოფად ედოს ყადაღა, ამ მიზნით ძალაში უნდა დარჩეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტონბრის განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჟ. ზ-ო ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება ყადაღის მოხსნის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დადგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ი-მ-ის ჟ. ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2950 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოიყენება სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ სწორად გააუქმა უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება მ. მ-მ შეასრულა, დაკისრებული თანხა შეიტანა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ფ.407) და იგი განთავისუფლდა ჟ. ზ-ს წინაშე არსებული დავალიანებისაგან. შესაბამისად აღარ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოიყენების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს და დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განახლდეს საკასაციო საჩივრის წარმოება, ასეთ შემთხვევაში კი საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით არის იმის აუცილებლობა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ერთადერთ უძრავ ქონებას სარჩელის უზრუნველსაყოფად ედოს ყადაღა, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს სააპელაციო პალატის მიერ ყადაღის მოხსნის თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერებას, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში განცხადების განმხილველ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად შეუძლია იმსჯელოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. ზ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.