¹ას-305-562-07 27 მაისი, 2008წ.
¹
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ.შ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება
დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა და უფასო ელექტროენერგიის მოხმარების ჩათვლა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .. ოქტომბერს თ-ს დ.ჩ-ის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ.შ-იამ მოპასუხე სს “თ-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის _ 562.32 ლარის ჩამოწერა და 250 ლარის ოდენობით უფასო ელექტროენერგიის მოხმარების ჩათვლა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დ. შ-ია თბილისში, ....... მე-2 შესახვევის ¹..-ში მდებარე სახლში რეგისტრირებული აბონენტია. იგი აღნიშნულ სახლში არ ცხოვრობს 19..წ.დან, რადგან სახლი წარმოადგენდა ავარიულ ნაგებობას. თ-ს კრწანისის რაიონის გამგეობის 19..წ.ს .. აგვისტოს ¹.. გადაწყვეტილებით მას ნება დაერთო სახლის დანგრევაზე, რაც განახორციელა 19..წ. . სს “თ-ის” წარმომადგენლებმა 20..წ. .. სექტემბერს შეადგინეს ელმეურნეობის დათვალიერების აქტი ¹კ .... . მოგვიანებით მოსარჩელემ ამავე ტერიტორიაზე დროებით დადგა სახლი, შემდგომში მშენებლობის საწარმოებლად. ამასთან, მან მიმართა ბიზნეს-ცენტრს, რათა აღედგინათ ელექტროენერგიის მიწოდება.
მოსარჩელის მითითებით, ელექტროენერგიის მოხმარებისათვის დაწესებულ გადასახადებზე გარკვეული შეღავათით სარგებლობდა მისი დედა _ მ. შ-ია, რომელსაც 20.. წ.დან 20..წ. .. აგვისტომდე ეკუთვნოდა უფასო ელექტროენერგიის მოხმარება ზაფხულში 75 კვტ.სთ-ის, ზამთრის პერიოდში _ 125 კვტ.სთ-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე, მითითებულ პერიოდში დ. შ-იას ეკუთვნოდა უფასო ელექტროენერგიის მოხმარება თანხით 250 ლარის ოდენობით, რის შესაბამისადაც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას (ს.ფ. 2-3).
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე სს “თ-ის” წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 562.32 ლარის ჩამოწერის მოთხოვნის ნაწილში (ს.ფ. 57).
თ-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ.ის . ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ჩამოეწერა მოპასუხის მიერ დარიცხული 562.32 ლარი, 250 ლარის ჩათვლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
იმის გათვალისწინებით, რომ 562.32 ლარის ჩამოწერის ნაწილში მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული საკმარის საფუძლად მიიჩნია მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა 250 ლარის ჩათვლას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის დედას აწ გარდაცვლილ მ. შ-იას, როგორც სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდის მეუღლეს, ეკუთვნოდა სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისათვის დაწესებული შეღავათი. საქართველოს პრეზიდენტის 20..წ. 5 მარტის ¹.. ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის 20..წ. სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გზის მოხმარებისათვის დაწესებული შეღავათების მისაღებად, ზემოაღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებს უნდა წარედგინათ შესაბამისი ცნობები სს “თ-სა” და “ბ-ში”. მ. შ-ია გარდაიცვალა 20..წ. .. აგვისტოს. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 20..წ. .. ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. შ-ია წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან სადავოდ გამხდარი უფლება გარკვეული შეღავათების მიღებისა, ეკუთვნოდა არა მას, არამედ მ. შ-იას, რომელმაც თავის სიცოცხლეში არ მოახდინა თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. მართალია, დ. შ-ია წარმოადგენს მ. შ-იას პირველი რიგის მემკვიდრეს, მაგრამ ეს არ აძლევდა მას სადავოდ გამხდარი უფლებების დაცვის საპროცესო უფლებაუნარიანობას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. მოცემულ შემთხვევაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარებისათვის დაწესებული შეღავათების მიღების სადავოდ გამხდარი უფლება პირადი ხასიათის იყო, ვინაიდან მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა (ს.ფ. 66-69).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-იამ, რომელმაც მოითხოვა 250 ლარის ჩათვლაზე უარის თქმის ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 83-84).
თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული დ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში დ. შ-ია სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ 250 ლარის ჩათვლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ე.ი. დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები (ს.ფ. 87-88).
აღნიშნულ განჩინებაზე დ. შ-იამ იმავე სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა შემდეგი მოტივებით:
საქართველოს კანონმდებლობა მოსახლეობის დაუცველი ფენისათვის ითვალისწინებს გარკვეული სახის სოციალურ დახმარებებსა და შეღავათებს, რომელთაგან ერთ-ერთს განეკუთვნება განსაზღვრულ პირთა მიერ ელექტროენერგიის უფასო მოხმარება. ელექტროენერგიის მოხმარებისათვის დაწესებულ გადასახადებზე გარკვეული შეღავათით სარგებლობდა მისი დედა _ მ. შ-ია, რის გამოც მას ეკუთვნოდა უფასო ელექტროენერგიის მოხმარება ზაფხულში _ 75 კვტ.სთ, ზამთრის პერიოდში კი _ 125 კვტ.სთ. სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა დავის საგანს.
რამდენადაც სს “თ-ის” არამართლზომიერი ქმედებით დაირღვა მ. შ-იას კანონიერი უფლება, კერძო საჩივრის ავტორს, როგორც მის კანონისმიერ მემკვიდრეს, სრული უფლება ჰქონდა, აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი აღეძრა სს “თ-ის” მიმართ.
თ-ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. . ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი, კერძოდ, რომ იგი საჩივრდებოდა თ-ს სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრით, ამ გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღეში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა (ს.ფ. 100).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.შ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ თ-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. . ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ჩამოეწერა მოპასუხის მიერ დარიცხული 562.32 ლარი, ხოლო სარჩელი 250 ლარის ჩათვლის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 562.32 ლარის ნაწილში არ გასაჩივრებულა, ხოლო 250 ლარის ჩათვლაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-იამ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 250 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ვერც ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დადგენილია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითება ვერ შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსს, რომელიც იმპერატიული ნორმაა და მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.