¹ ას-305-631-07 15 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ საერთო სარგებლობის წყლის არხის აღდგენა, ზარალის ანაზღაურება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ც-მ 2001 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ც-ს, მ. და ა. ჭ-ების მიმართ და მოითხოვა საერთო სარგებლობის წყლის არხის აღდგენა, ცენტრალური არხის გახსნა, ასევე მოპასუხეების ნაკვეთების საზღვართან ორი არხის დაგრძელება და მოწესრიგება, მან თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ...ში, ... ქ. ¹2-ში. შუბლაძის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე წლების განმავლობაში იყო წყალსაწრეტი არხი, რომელიც თვითნებურად გადაკეტილი აქვთ ჟ. ც-ს, მ. და ა. ჭ-ებს, რის გამოც იტბორება, როგორც თავისი, ასევე მეზობლების ეზოები და ვერ ღებულობს მოსავალს.
მ. ჭ-მ 2001 წლის სექტემბერში ასევე მიმართა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მოპასუხეების: ნ. ც-ს, გ. ა-ს, ი. რ-ს, მ. ჭ-ს, ე. ჭ-ს, რ. ჭ-ს, თ. ც-ს, თე. ც-ს, თ.ნ-სა და მ.ჭ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის გათხრილი არხებისა და ღობის აღდგენა, ასევე მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მ. ჭ-მ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხეებმა მისი ნებართვისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე გახსნეს მის ეზოში გამავალი არხი, რითაც მას მიადგა ზიანი.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ. ჭ-ს, ჟ. ც-ს და ა. ჭ-ს ნაკვეთების საზღვართან უნდა გაიჭრას წყლის გამტარი არხები. ხოლო მ. ჭ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-მ. ჟ. ც-სა და ა. ჭ-ს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანით ახალი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რომლითაც ნ. ც-ს სარჩელს მ. ჭ-ს მიმართ ეთქვა უარი. მ. ჭ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ნ. ც-ს, გ. ა-ს, ი. რ-ს, მ., ე. და რ. ჭ-ებს, თ. და თე. ც-ებს დაევალათ ამოავსონ თვითნებურად გათხრილი არხი, რომელიც უერთდება მ. ჭ-ს ეზოში გამავალ თხრილს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ც-მ და მ. ჭ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ. ც-სა და მ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ც-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; მ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. ჭ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით ჩათვალა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომელთაც შეტყობინება სხდომაზე მოწვევის შესახებ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული მ. ჭ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჭ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სააპელაციო სასამართლოს 8 თებერვლის სხდომისათვის 2007 წლის 31 იანვარს სააპელაციო სასამართლოში გამოაგზავნა განცხადება და სამედიცინო ცნობები, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 2007 წლის 2 თებერვალს. მის მიერ წარმოდგენილი იქნა ... საავადმყოფოს 2006 წლის 12 დეკემბრის ¹2618 ცნობა, სადაც მის დიაგნოზად მითითებულია ტვინის შერყევა; მე-...პოლიკლინიკის 2007 წლის 30 იანვრის ცნობა ადასტურებს, რომ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მისი გადადგილება და მგზავრობა გაძნელებულია, აქვს გულის უკმარისობა. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე დავაზე და იმავე საფუძვლით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ც-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად უნდა წარმართულიყო მხოლოდ მისი სარჩელის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა მისი 2006 წლის 11 სექტემბრისა და 2 ნოემბრის, 2007 წლის 31 იანვრის განცხადებების განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ჭ-ს კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ.ჭ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ.ჭ-მ არ წარმოადგინა ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება, რადგან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქმის ფურცელ 751-ზე მოცემულია მ. ჭ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში გამოგზავნილი დეპეშა იმის შესახებ, რომ იგი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდება პროცესზე, რადგან არ შეუძლია შორ მანძილზე მგზავრობა და მან სასამართლოს გამოუგზავნა ... პოლიკლინიკის მიერ 2007 წლის 30 იანვარს გაცემული ცნობა. საქმის ფურცელ 729-ზე მოცემულია შპს “ .. ..” ბეჭედდასმული მ. ჭ-ს ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შორ მანძილზე გადაადგილება და ტრანსპორტით მგზავრობა მკვეთრად გაძნელებულია, იგი მოითხოვს ექიმის სისტემატურ მეთვალყურეობას. მან სააპელაციო პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივართან ერთად სააპელაციო პალატას 2007 წლის 6 თებერვალს წარუდგინა აღნიშნული ცნობა (ს.ფ. 727-730). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად ავადმყოფობა იმ შემთხვევაში მიიჩნევა საპატიო მიზეზად, თუ იგი დადასტურებული იქნა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობას. სააპელაციო პალატამ მ.ჭ-ს პროცესზე გამოუცხადებლობა ისე მიიჩნია არასაპატიოდ, რომ არ გამოიკვლია და არანაირი შეფასება არ მისცა ზემოაღნიშნულ სამედიცინო ცნობას, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-ს კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.