Facebook Twitter

ას-307-628-09 14 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს «ვ.» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-აკი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. კ-აკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ვ.» მიმართ ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹35-37 მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 14 მარტს ამხანაგობა «ვ.» და მოსარჩელეს შორის დაიდო ¹8 ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მენარდეს 2003 წლის ბოლოსთვის უნდა აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა შემკვეთისათვის ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹35-37-ში მშენებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სადარბაზოს მე-8 სართულზე მდებარე 288,6 კვ.მ ხუთოთახიანი ¹72 ბინა, რის სანაცვლოდ ე. კ-აკს უნდა გადაეხადა 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2003 წლის ბოლომდე მენარდეს სამუშაო არ დაუწყია, რის გამოც მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ე. კ-აკმა თავისი ხარჯებით იკისრა ნაწილი სამუშაოს ჩატარება. აღნიშნული ხარჯები უნდა გაქვითულიყო მის მიერ გადასახდელი საერთო თანხიდან. სამუშაოების დასრულებისა და მოსარჩელისათვის ბინის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის მიუხედავად, მენარდე თავს არიდებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ მოსარჩელეს გადაეცა 330 კვ.მ გატიხრული ბინა, რაც შეთანხმებულზე 41,4 კვ.მ-ით მეტი იყო, თუმცა ფართის სხვაობის ღირებულება ე.კ-აკს არ გადაუხდია. მოსარჩელის მიერ მითითებული გარიგება არ აკმაყოფილებს უძრავი ნივთის რეგისტრაციისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ფორმას და ბათილად უნდა ჩაითვალოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც შპს «ვ.გ.გ-მ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, მხარეს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 3340 ლარის გადახდა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენა ან ამავე ვადაში მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ გარემოებაზე მითითება. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 2009 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ შპს «ვ.გ.გ-ს» სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «ვ.» შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი დროულად არ გამოუსწორებია, ვინაიდან სასამართლომ მხარეს დაავალა განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მან განახორციელა კიდეც 2009 წლის 5 მარტს, 7-დღიანი ვადის დაცვით, თუმცა გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულის შესახებ მითითებული არ არის და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში აპელანტს სახელმწიფო ბაჟი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არ დაბრუნებია. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შპს «ვ.» მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საფუძველზე ხარვეზი გამოსწორებულად უნდა ჩათვლილიყო.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს «ვ.» სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ამსახველი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს «ვ.» 2009 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ 7-დღიან ვადაში მხარეს სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ვ.» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

ამასთან, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მოცემული ნორმის გამოყენების წინაპირობაა მხარის მიერ საპროცესო მოქმედების ვადის გაშვება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტ შპს «ვ.» ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა, რომელიც აითვლება 2009 წლის 26 თებერვლიდან, ხარვეზის თაობაზე განჩინების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან და იწურება 2009 წლის 5 მარტს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოხსენებულ პერიოდში შპს «ვ.» ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოსათვის არ მიუმართვს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ხარვეზს წარმოადგენდა რა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მითითებული ვადის დაცვით, 2009 წლის 5 მარტს აპელანტის მიერ თანხის ბანკში შეტანა ხარვეზის გამოსწორების საფუძველს წარმოადგენდა, ვინაიდან სააპელაციო პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით აპელანტს გასაგებად განემარტა, რომ მას 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟი არა მარტო უნდა გადაეხადა, არამედ აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოსათვისაც უნდა წარედგინა, რითაც ხარვეზის გამოსწორების ფაქტს დაადასტურებდა. აღნიშნული მოთხოვნა კი მხარემ უგულებელყო, რის გამოც მის ხარვეზი სრულად გამოსწორებულად ვერ ჩაითვლება.

რაც შეეხება შპს «ვ.» მიერ გადახდილ 3 340 ლარს, სააპელაციო სასამართლო მის შესახებ გასაჩივრებულ განჩინებაში ვერ მიუთითებდა და ვერც ხსენებულ თანხას მხარეს ვერ დაუბრუნებდა, რადგან განჩინება დათარიღებულია 2009 წლის 9 მარტით, სახელმწიფო ბაჟის ქვითარი კი წარდგენილ იქნა 2009 წლის 10 მარტს, განჩინების მიღების შემდეგ. ამდენად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე სასამართლოსათვის განჩინების მიღებისას ცნობილი ვერ იქნებოდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ვ.» უნდა დაუბრუნდეს თ. ბ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3340 ლარი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ვ.» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შპს «ვ.» დაუბრუნდეს თ. ბ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 3 340 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.