ას-308-565-08 13 მაისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ.კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ.ო-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ო-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ო-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ.ო-შვილის მიმართ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ქორწინების შეწყვეტის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი _ ლ. და ა. ო-შვილები. წლების მანძილზე მხარეთა შორის ჩამოყალიბდა გაუსაძლისი ურთიერთობა, მოპასუხე სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას და სასტიკად ეპყრობა ბავშვებს, რის გამოც მხარეთა შორის ქორწინება უნდა შეწყდეს და შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.
დ.ო-შვილმა სარჩელი ცნო მხოლოდ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში და შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილების აღსაზრდელად გადაცემა, ალიმენტის დაკისრება, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა და მოძრავი ქონების გაყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. ..ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ.ი და დ.ო-შვილებს შორის 19.. წ. .. ოქტომბერს კრასნოიარსკის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ქორწინების სასახლეში ¹.... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, არასრულწლოვანი შვილების _ 19.. წ... ნოემბერს დაბადებული ლ. ო-შვილისა და 19.. წ. .. მაისს დაბადებული ა. ო-შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის _ გ.ო-შვილის საცხოვრებელი სახლი, დ.ო-შვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ო-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 21 თებერვლის განჩინებით მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: გ.ო-შვილი თანახმაა, დ.ო-შვილს გადაუხადოს ყოველთვიურად 10 წლის მანძილზე 100 ლარი, დ.ო-შვილი თანახმაა, შვილების _ 1992 წლის 7 ნოემბერს დაბადებული ლევან ო-შვილის და 1999 წლის 15 მაისს დაბადებული ა. ო-შვილის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო მამის _ გ.ო-შვილის საცხოვრებელი ადგილი, დ.ო-შვილს ნება დაერთო, შვილებთან ურთიერთობა ჰქონოდა შეუზღუდავად, რაშიც იგულისხმება შვილების დროებით დედასთან წაყვანის უფლებაც, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და მე-3 მუხლებით, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მორიგების პირობები კანონშესაბამისია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.ო-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ გ.ო-შვილმა დ.ო-შვილს ყოველთვიურად, .. წლის განმავლობაში უნდა უხადოს 100 ლარი, თუმცა განჩინებაში არ დაფიქსირებულა, რომ გ.ო-შვილი დათანხმდა აღნიშნული თანხა გადაეხადა დ.ო-შვილისათვის ბინის ქირის სახით. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის სადავო მორიგება მიღწეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გ.ო-შვილის მიმართ ზეწოლითა და შვილების აღსაზრდელად დედისათვის მიკუთვნების შიშით. გ.ო-შვილს შესაძლებლობა არ მიეცა, თავისი წარმომადგენლისაგან მიეღო იურიდიული კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, ევალებოდა თუ არა მას დ.ო-შვილისათვის ყოველთვიურად თანხის გადახდა, ვინაიდან სასამართლომ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი სხდომათა დარბაზიდან დაითხოვა. ფაქტობრივად, კერძო საჩივრის ავტორს დ.ო-შვილისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონდარღვევით, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნია, რომ გ.ო-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას, რაც ფორმდება წერილობით, მორიგების აქტის სახით, რომელსაც ხელს აწერს ორივე მოდავე მხარე. აღნიშნული ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავის ნებას მორიგების აქტში ასახული პირობების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 20.. წ. .. თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი მორიგების აქტი ხელმოწერილია როგორც აპელანტი, ისე მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რითაც გ.ი და დ.ო-შვილებმა დაადასტურეს მოცემული დავის მორიგებით დასრულების სურვილი და მხარეთა ნებაში ეჭვის შეტანის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ გ.ო-შვილის წარმომადგენელს 20.. წ. .. თებერვლის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა, რის გამოც მხარეს მორიგების პირობებთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებობა შეუზღუდა. ზემოხსენებულ სასამართლო სხდომის ოქმში მხარეთა წარმომადგენლების სხდომათა დარბაზიდან დათხოვნის თაობაზე მითითებული არ არის და რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატის 20..წ. .. თებერვლის სხდომის ოქმის შინაარსი მხარეებს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ.ო-შვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონდარღვევით გამოტანის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ.ო-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.