¹ას-310-567-07 27 მაისი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ თ. ღ-ი (წარმომადგენელი ა. ბ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ც. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ სესხის დაბრუნება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. ბ-ემ 2005 წლის 11 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ. ღ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სესხის ძირითადი თანხის _ 3300 აშშ დოლარის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 თვის სარგებლის _ 297 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 3960 აშშ დოლარის, მთლიანობაში _ 7557 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ც. ბ-ესა და თ. ღ-ს შორის 2004 წლის 21 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ც. ბ-ემ მოპასუხეს ასესხა 3300 აშშ დოლარი ყოველთვიური 3%-ის გადახდით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და დაბრუნებას ექვემდებარებოდა 2004 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.
მოსარჩელის მითითებით, თ. ღ-ი თავს არიდებს როგორც სარგებლის, ისე სესხის ძირითადი თანხის გადახდას, რაც მის ოჯახს ზიანს აყენებს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას დაემატება პირგასამტეხლო 0.3%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება სარჩელის წარდგენის დროისათვის მთლიანობაში 7557 აშშ დოლარს შეადგენდა (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ღ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7557 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა (ს.ფ. 45).
თ. ღ-მა იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა (ს.ფ. 50-51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით თ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში (ს.ფ. 66).
მითითებული განჩინება თ. ღ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მის გაუქმებასთან ერთად მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 72-73).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით თ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. განჩინებით მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 76-78).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრისა და 2008 წლის 22 იანვრის განჩინებებით აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ. 84-87; 93-96).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით თ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრისა და 2008 წლის 22 იანვრის განჩინებებით თ. ღ-ს ორჯერ გაუგრძელდა აღნიშნული ვადა (ს.ფ. 84-87; 93-96). სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 12 თებერვალს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელ ა. ბ-თვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება წარმოადგენდა აპელანტისათვის ჩაბარებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2008 წლის 12 თებერვლის ჩაბარებიდან სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2008 წლის 22 თებერვალს, რა დროსაც მას სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული ქვითარი მან წარადგინა 2008 წლის 25 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 105-109).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ღ-მა (წარმომადგენელი ა. ბ-ი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თ. ღ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის დროულად შეუვსებლობა განპირობებულია საპატიო მიზეზებით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შეფასებისას.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ეროვნული აკადემიის სამკურნალო-სამეცნიერო ქვეგანყოფილების 2008 წლის 26 თებერვლის ცნობაზე, რომლის თანახმად, 2008 წლის 18 თებერვლიდან 25 თებერვლამდე ა. ბ-ს უტარდებოდა მკურნალობა სტაციონალში ბინაზე. შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დროულად გადაეხადა და სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.
გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2008 წლის 22 თებერვალს, თუმცა ბანკში არსებული წესიდან გამომდინარე, აღნიშნული გადახდა მას მომდევნო დღის რიცხვით ჩაეთვალა, რამდენადაც იგი 22 თებერვლის დღის 17.00 საათის შემდეგ იყო განხორციელებული. ამ დღეს ა. ბ-მა ბაჟის გადასახდლელად 16.00 საათიდან დაიკავა რიგი, მაგრამ მითითებულ დრომდე ხალხის სიმრავლის გამო თანხის გადახდა ვერ შეძლო (ს.ფ. 117-118).
D
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ღ-ის (წარმომადგენელი ა. ბ-ი) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე (ს.ფ. 97). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თ. ღ-ს მითითებული განჩინება ვერ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, ხოლო მის წარმომადგენელ ა. ბ-ს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 12 თებერვალს (ს.ფ. 98).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტის წარმომადგენელ ა. ბ-თვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარება წარმოადგენდა აპელანტისათვის ჩაბარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2008 წლის 12 თებერვალს და დასრულდა 2008 წლის 22 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ აღნიშნულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, როგორც ამაზე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რამდენადაც სააპელაციო საჩივარში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2008 წლის 10 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განისაზღვრა ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგად ხარვეზი შევსებულად ჩაითვლებოდა, კერძოდ, მოცემული განჩინებით აპელანტს გარკვევით განემარტა დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება. მხარემ სასამართლოს ეს მოთხოვნა დროულად არ შეასრულა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან თ. ღ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს თ. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ღ-ის (წარმომადგენელი ა. ბ-ი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.