ას-312-633-09 14 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ხ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. და ლ. ბ-შვილებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო. ხ-ძის მიმართ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ მის მესაკუთრედ ცნობისა და ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1968 წელს ი. ბ-შვილმა გივი ოდოშაშვილისაგან 2000 მანეთად იყიდა ქ.თბილისში, ... ქ.¹13-ში მდებარე ოროთახიანი ბინა. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიკარგა, მაგრამ ყიდვა-გაყიდვის ფაქტს ადასტურებს გივი ოდოშაშვილის მეუღლე ანა ოდოშაშვილი. ი.ბ-შვილი წლების განმავლობაში ცხოვრობს სადავო ბინაში ქალიშვილთან _ ლ. ბ-შვილთან და მის ოჯახთან ერთად. ამჟამად ბინის მესაკუთრედ აღრიცხულია მოპასუხე, რომელმაც მოსარჩელეებს სამზარეულო, ეზო და სათავსები დაუნგრია.
ო. ხ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის მიერ მფლობელობის შეწყვეტა ამ ნივთის საბაზრო ღირებულების 75%-ის ანაზღაურების სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. და ლ. ბ-შვილებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ო.ხ-ძის მიერ ლ. და ი. ბ-შვილებისათვის 8025 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ დადგინდა სადავო ბინაზე მოსარჩელეთა მფლობელობის შეწყვეტა, რაც ლ.ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 2009 წლის 20 თებერვალს ჩაბარდა, ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება კი სასამართლოს წარედგინა ამავე წლის 5 მარტს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექის 374-ე მუხლის მესამე ნაწილით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადა დაარღვია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატის 2009 წლის 9 თებერვლის ხარვეზის განჩინება მხარეს ამავე წლის 20 თებერვალს ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლისას მან არ ჩათვალა შაბათ-კვირა და ვადის ბოლო დღეს, 5 მარტს შეავსო ხარვეზი. ლ.ბ-შვილი ვარაუდობდა, რომ სწორად გამოიანგარიშა ზემოხსენებული ვადა, რის გამოც აღარ მიუმართავს სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის გამო საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა მის გამოსასწორებლად.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება და არც მხარე არ უარყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ლ. ბასილაშვილს ჩაბარდა 2009 წლის 20 თებერვალს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით მან სასამართლოს 2009 წლის 5 მარტს მიმართა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტმა ლ.ბ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მან შეცდომით ათდღიანი ვადის ათვლისას შაბათ-კვირის დღეები არ ჩათვალა და ვარაუდობდა, რომ ხარვეზი დროულად, ვადის უკანასკნელ დღეს გამოასწორა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ კანონის არცოდნა ვერ გახდება მის მიმართ ამ კანონის გამოუყენებლობის საფუძველი. ამდენად, ლ.ბ-შვილის მიერ მითითებული ზემოხსენებული გარემოება სადავო ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.