Facebook Twitter

¹ას-312-637-07 4 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს...ის“ წარმომადგენელი დ. ზ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს « .. ..» უფლებამონაცვლე შპს «მ...ი»

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 13 სექტემბერს შპს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს „ .. ..“ მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობით გამოწვეული თანხის დაკისრების მოთხოვნით. სს « .. ..» 2005 წლის 22 სექტემბერს კასპის რაიონულ სასამართლოში აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს „.. ..“ უფლებამონაცვლე შპს „მ...ს“ დაეკისრა მის სასარგებლოდ 924 855,39 ლარის გადახდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასევე სს ,, .. ..’’ უფლებამონაცვლე შპს ,,მ...ის’’ შეგებებული სარჩელი და შპს ,,ს...ს’’ მის სასარგებლოდ 919 653,26 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ .. ..“ უფლებამონაცვლე შპს „მ...ის“ დირექტორმა თ.დ-მა და შპს „ს...-ის“ წარმომადგენელმა დ. ზ-მ.

შპს « .. ..» უფლებამონაცვლე შპს «მ...ის» დირექტორმა მოითხოვა კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ს...ის» სარჩელის დაკმაყოფილებისა და სს « .. ..» უფლებამონაცვლის _ შპს «მ...ის» შეგებებულ სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის ნაწილში.

შპს „ს...ის“ წარმომადგენელმა დ. ზ-მ კი მოითხოვა კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სს „ .. ..“ უფლებამონაცვლის შპს „მ...ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ გაიზიარა სს « .. ..» უფლებამონაცვლე შპს «მ...ის» დირექტორ თ.დ-ის მოთხოვნა ბაჟის საკითხის განხილვის გადადების თაობაზე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე და შპს «მ...ს» გასაჩივრებული მოთხოვნის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 000 ლარის ოდენობით დააკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს « .. ..» უფლებამონაცვლის შპს «მ...ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია აპელანტ სს « .. ..» უფლებამონაცვლე შპს «მ...ს».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ს...ის“ დირექტორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაწილში და შპს „ს...ს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 36.785 ლარის ოდენობით.

2006 წლის 14 ნოემბერს შპს „ს...მა“ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი (10.000 ლარის ოდენობით) და სასამართლოს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის – 26 785 ლარის გადახდის გადავადების მოთხოვნით მიმართა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 26.785 ლარის გადასახდელად.

2006 წლის 19 დეკემბერს შპს „ს...მა“ კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან განაწილვადება. შპს „ს...-ის» წარმომადგენელთა განმარტებით, 2006 წლის 11 დეკემბრამდე სიონის წყალსაცავი დაიცალა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამიტომ შპს „ს...“ ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებდა, ხოლო შპს „ს...ის“ შემოსავლის ერთადერთ წყაროს კი ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს.

2006 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში შპს „ს...მა’’ წარადგინა 2006 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო ინსპექციის აქტი, რომლითაც „ს...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება გააჩნდა.

2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შპს „ს...ის“ მოთხოვნა ბაჟის გადახდის სასამართლო პროცესის დასრულებამდე გადავადების შესახებ და აპელანტს დაევალა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 26.785 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2007 წლის 5 თებერვალს.

2007 წლის 22 თებერვალს შპს „ს...ის“ წარმომადგენელმა დ. ზ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების განჩინებით დადგენილი ვადის გაგრძელება, იმისათვის, რომ ორგანიზაციას სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, საბანკო კრედიტი აეღო.

2007 წლის 1 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველი დატოვა. სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შევსების განჩინება შპს „ს...ის“ წარმომადგენლებს კანონით დადგენილ ვადებში ჩაჰბარდათ. აპელანტმა კი სასამართლოს მის მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ (საპროცესო ვადა ამოიწურა 2007 წლის 20 თებერვალს) 2007 წლის 22 თებერვალს მიმართა. შპს „ს...ის“ წარმომადგენელმა დ. ზ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის პირველი მარტის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს „ს...ის“ ქონებრივი მდგომარეობა, რაც მის სრულ გადახდისუუნარობაში გამოიხატებოდა, ამასთან სასამართლოს მიერ განჩინების მიღების დროისთვის დაყადაღებული იყო საბანკო ანგარიშები, სიონის წყალსაცავი კი დაცლილი, რომელიც შპს „ს...ის“ შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს «ს...ის» წარმომადგენელ დ. ზ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს მხოლოდ ფიზიკური და არა იურიდიული პირი. იურიდიული პირის მიმართ დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება ან მათი ოდენობის შემცირება. თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის მოვალეობა მხარეებისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე, მაშინ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება და მათი ოდენობის შემცირება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული. სასამართლო მიხედულების ჩამოყალიბების საფუძველს კი მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა წარმოადგენს. ამდენად, მოსამართლეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას ეკისრება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა, რათა მოსამართლემ თავისი უფლების განხორციელებისას, დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების გადახდის გადადების ან მათი ოდენობის შემცირების თაობაზე, არ ხელყოს სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა (მიიღოს სასამართლო ბაჟი) და მოქალაქის ინტერესებს (შეიტანოს სარჩელი სასამართლოში) შორის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში _ «იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ» (ჟედამსკი ანდ ჟედამსკა ვ. Pოლანდ), განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით ან ოდენობით გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები არ იქნება შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, თუ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და შეზღუდვების განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იქნება დაცული სამართლიანი ბალანსი. სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ასევე მიუთითა, რომ ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა და სასამართლო სამართალწამოების ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართალწარმოების ეტაპზე ყურადღება გაამახვილა საქმეში «პოდბიელსკი და პპუ პოლონეთის წინააღმდეგ» (Pოდბიელსკი ანდ PPU Pოლპურე ვ. Pოლანდ), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნდამენტური გარანტიები ვრცელდება ასევე სააპელაციო სასამართლოზეც და კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ, რომელსაც სასამართლო სისტემის ფარგლებში სააპელაციო ინსტანცია გააჩნია, უნდა უზრუნველყოს მხარეთათვის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა ფუნდამენტური გარანტიის დაცვა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 10 000 ლარი და მოითხოვა დარჩენილი 26 785 ლარის გადახდის გადადება პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითა იმ ფანანსურ სიძნელეებზე, რომლებიც შპს «ს...ს» იმ დროისათვის გააჩნდა. შპს «ს...ის» წარმომადგენლმა დ. ზ-მ სასამართლოს წარუდგინა მისი მარწმუნებელი ორგანიზაციის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია:

1. სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მილენიუმის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს სიონი-სამგორის წყალსაცავისა და სასისტემო არხის რეაბილიტაციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 11 დეკემბრამდე დაცლილ იქნა სიონის წყალსაცავი, 2006 წლის 11 დეკემბრიდან წყალსაცავი კვლავ დაექვემდებარება შევსებას, ხოლო სიონჰესი საპროექტო რეჟიმით მუშაობას სავარაუდოდ მომავალი წლის მაისის ბოლოსათვის შეძლებს;

2. ბანკ ...დან და ... ბანკიდან გაცემული ცნობები შპს «ს...ის» ანგარიშებზე რიცხული თანხების შესახებ;

3. ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების მიერ 2006 წლის ... დეკემბერს გაცემული შედარების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს «ს...ს» გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი;

4. დ.ზ...ს 2007 წლის 22 თებერვლის განცხადება და თანდართული დოკუმენტები, სადაც განმცხადებელი ასაბუთებს ფინანსური სიძნელეების გამომწვევ მიზეზებს და, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, სასამართლოს აცნობს მისი მარწმუნებელი ორგანიზაციის განზრახვას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია იღებს საბანკო კრედიტს, რისთვისაც ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 15 დღით გაგრძელებას.

როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, სასამართლომ არ იმსჯელა შპს «ს...-ის» ფინანსურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, არ შეაფასა მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო იმის გამო, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 15 დღით გაგრძელება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ ითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მხარემ საპროცესო ვადის გასვლამდე სასამართლოს მისი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები არაერთხელ წარუდგინა, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას აღნიშნული მასალების ყოველმხრივი სამართლებრივი შეფასება და მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინება ევალებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის პირველი მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს...ის“ წარმომადგენელ დ. ზ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გოგიშვილი

მოსამართლეები: მ. ცისკაძე

რ. ნადირიანი