¹ას-31-386-07 D19 აპრილი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ე, ჟ. ღ-ე, ა. ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 13 თებერვალს ჯ. მ-მ, ა. ვ-მ და ჟ. ღ-მ ვინდიკაციური სარჩელით მიმართეს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს ო. ფ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ თვითნებურად წაიყვანა სს “ .. ..” ბალანსზე რიცხული ექსკავატორი “ბ...”, რის გამოც განიცადეს ზარალი. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეებმა მოითხოვეს გამართული ექსკავატორის დაბრუნება, ხოლო ზარალის ანაზღაურებაზე დაზუსტებული სარჩელით უარი განაცხადეს.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის, ა. ვ-სა და ჟ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ფ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ექსკავატორი “...”. მასვე დაევალა გამართული ექსკავატორის სს “ .. .. ..” იურიდიულ მისამართზე წარდგენა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ო. ფ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სხვა სასამართლოსათვის დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინებით ო. ფ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ო. ფ-მ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და, შესაბამისად, ხარვეზსაც ვერ შეავსებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ო. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ო. ფ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად 2006 წლის 13 აპრილის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (იმ დროს მოქმედი რედაქცია) 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უწყების მომტანმა პირმა სასმართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია და, შესაბამისად, ხარვეზს ვერ შეავსებდა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 აპრილის განჩინების ასლი ხარვეზის გამოსწორების თაობაზე, გაეგზავნა 2006 წლის 20 აპრილს (ს.ფ. 38), ხოლო ქუთაისის ცენტრალური ფოსტის 2006 წლის 10 ნოემბრის პასუხით დადგინდა, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ო. ფ-ის მეუღლეს ჩაბარდა 2006 წლის პირველ მაისს (ს.ფ.39). ასევე დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ წარუდგენია, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.