Facebook Twitter

¹ას-316-670-07 29 ივნისი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 20 ნოემბერს თ. ა-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ნ-ის მიმართ და მოითხვა მისთვის, მცირეწლოვანი შვილის _ 2005 წლის 18 თებერვალს დაბადებული მ. გ. ასული ნ-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება 400 ლარის ოდენობით და კუთვნილი ნივთების დაბრუნება.

გორის რაიონული სასმართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სარჩელი პირადი ნივთების დაბრუნების ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო და მიენიჭა ახალი ნომერი.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. ნ-ს მცირეწლოვანი შვლის _ 2005 წლის 18 თებერვალს დაბადებული მ. გ.ს ასული ნ-ის სარჩოდ დაეკისრა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახადა 2006 წლის 20 ნოემბრიდან მ. ნ-ის სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის შვილის _ მ. ნ-ის სარჩოდ ყოველთვიურად 30 ლარის დაკსირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა Lგ. ნ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ მას გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

საკასციო სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელია რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი უშუალოდ გ. ნ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 26 იანვარს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინებაზე კერძო საჩივრის ავტორის პირადი ხელმოწერით, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2007 წლის 20 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან საფოსტო შეტყობინების გზავნილზე, რომელსაც განჩინების გამოტანისას დაეყრდნო სასამართლო, გაგზავნის თარიღად მითითებულია 18 იანვარი (ს.ფ.40), მაშინ როცა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მოსამართლის თანაშემწის მიერ გასაგზავნად მომზადდა 2007 წლის 25 იანვარს (ს.ფ. 38), ხოლო უშუალოდ გორის რაიონული სასამართლოდან ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2007 წლის 30 იანვარს (ს.ფ. 60), შესაბამისად, გ. ნ-ეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 2007 წლის 26 იანვარს ვერ ჩაჰბარდებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ნ-ის კერძო საჩივარი დასაბუთებულია და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

Lგ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.