ას-318-573-08 2 ივლისი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. და პ. ლ.-ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ი.-ი (მოპასუხე)
დავის საგანი – სახლის სახურავის მოწყობა და ღიობის ამოქოლვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი
2004 წლის 11 აგვისტოს ნ. და პ. ლ.-ებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტეს, რომ მათ თანასაკუთრებაში იმყოფება ქ. ქუთაისში, ...-ის ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ამავე ქუჩის ¹9 ნომერში მდებარე სახლის მესაკუთრეა გ. ი.-ი, რომლის საცხოვრებელი სახლი დგას მათი ეზოების საზღვარზე. გ. ი.-ის საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ისეა მოწყობილი, რომ სახურავს არ აქვს ატმოსფერული ნალექებისაგან დამცავი მოწყობილობები, რის გამოც წყალი მათ ეზოში ჩაედინება. ამასთან, გ. ი.-ს საზღვარზე აქვს ღია აივანი, რაც ურღვევს მყუდროებას, აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოსარჩელეების ეზოს მხარეს არსებული აივნის ღიობის ამოქოლვა და სახლის სახურავის შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვა.
სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა გ. ი.-მ, მესამე პირად ქ. ქუთაისის მთავრობის ...-ის სამსახური დაასახელა და აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში არსებული სახლი დაკანონებულია 1990 წლის 14 ნოემბერს, რომელიც დარეგისტრირდა ქუთაისის მერიის ... სამსახურში. მართალია, მისი სახლის დაკანონება და სამართლებრივი რეგისტრაცია მოხდა 1990 წელს, მაგრამ საცხოვრებელი სახლის გადახურვა და აივნის მიშენება განხორციელდა დაახლოებით ორი ათეული წლის წინ, რომელიც ნ. და პ. ლ.-ებს სადავოდ არ გაუხდიათ, ვიდრე ...-ის სამსახურის სათანადო ნებართვის გარეშე, გ. ი.-ის კუთვნილი სახლის კედლის მომიჯნავედ, არ ააშენეს დამხმარე სათავსი.
გ. ი.-ის განმარტებით, აღნიშნული შენობა მიშენებულია მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედელზე, კონკრეტულად კი სათავსის კედელი მისი საცხოვრებელი სახლის კედლიდან დაშორებულია დაახლოებით 3-5 სმ-ით. აღნიშნულის გამო გ. ი.-მ მოითხოვა ნ. და პ. ლ.-ების მიერ ქ. ქუთაისში, ...-ის ¹11-ში მდებარე მინაშენის პროექტის გაუქმება და დამხმარე ნაგებობის დემონტაჟი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის მთავრობის ...-ის სამსახურმა და განმარტა, რომ ნ. ლ.-ის მიერ განხორციელებული დამხმარე სათავის მშენებლობა წარმოებულ იქნა შესაბამისი სამშენებლო ... სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ქუთაისის მთავრობისა და ...-ის სამსახურმა ნაწილობრივ მხარი დაუჭირა გ. ი.-ის შეგებებულ სარჩელს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და პ. ლ.-ების სარჩელი.
გ. ი.-ის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და პ. ლ.-ებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თავის მხრივ, გ. ი.-მაც შეგებებული სააპელაციო საჩივრით არ ცნო სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტათ, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდნენ, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. და პ. ლ.-ების სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.A
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ. და პ. ლ.-ებმა და მიუთითეს, რომ მ. ლ.-ი არ არის მათი ოჯახის წევრი. მათ ხარვეზის განჩინება არ ჩაჰბარებიათ და აქედან გამომდინარე, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. და პ. ლ.-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. და პ. ლ.-ების სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.
დადგენილია, რომ ნ. და პ. ლ.-ების ოჯახის წევრ მ. ლ.-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 26 დეკემბერს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ე.ი. 2007 წლის 2 იანვრის ჩათვლით. აპელანტებმა კი არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის წევრი არის პირი, რომელსაც გააჩნია უფლებები და ამავე დროს აკისრია ვალდებულებები, რომლებიც ეფუძნება საოჯახო სამართალურთიერთობას. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სამართლის სხვადასხვა დარგები გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ გარემოებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პირის ოჯახთან კავშირის ხასიათს. აღნიშნული დამოკიდებულება განისაზღვრება კონკრეტული დარგის სამართლებრივი რეგულირების მიზნებით და მარეგულირებელი ურთიერთობების თავისებურებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პრველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეტყობინების და დაბარების ინსტიტუტი საპროცესო სამართალში ემორჩილება იმ კანონზომიერებებს, რომლებიც დამახასიათებელია ზოგადად სამოქალაქო საპროცესო რეგულირებისათვის და ემსახურება საპროცესო სამართლებრივი რეგულირების მიზნებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მიზნები და თავისებურებები ვლინდება იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ყოველი პირის უფლების სასამართლო წესით დაცვა, მაგრამ ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დაცვის პროცესუალური მექანიზმების განხორცილებებისას ასევე აკისრიათ პროცესუალური ვალდებულებები.
კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული პროცესუალური ვალდებულებები. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ გამოსაძახებელი პირის მიერ მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე მისამართზე სხვა პირის მიერ შეტყობინების ჩაბარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის გამოსაძახებელი პირის ოჯახის წევრი. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ამ პირის მიერ უწყების ჩაბარების მომენტიდან მას წარმოეშობა ამ უწყების (შეტყობინები) ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ოჯახის წევრისათვის უწყების (შეტყობინები) ჩაბარებაზე ვრცელდება პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ნიშნვს მისი ჩაბარებას ადრესატისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება მიმღები პირის (ოჯახის წევრის) ხელმოწერით და ადრესატთან დამოკიდებულების მითითებით.
აღნიშნული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ უწყების (შტყობინები) მიმღები პირი არ იყო მხარის ოჯახის წევრი, აკისრია გამოსაძახებელ მხარეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. და პ. ლ.-ებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება პროცესუალური ნორმის დარღვევის ფაქტი, გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ მ. ლ.-ი არ არის მათი ოჯახის წევრი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აპელანტებმა არ წარმოადგინეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. და პ. ლ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.