ას-318-671-07 8 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ნ...” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი _ თანხის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ნ...მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის _ 410,95 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ნ...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით შპს “ნ...ის” სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 410,95 ლარი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ 1000 ლარს არ აღემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ნ...მა” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 365-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა ეხება მოპასუხის მიერ მოსარჩელის კანონდარღვევით შემოწმებასა და აღნიშნულთან დაკავშირებულ შედეგს. ამდენად, წარმოდგენილი საქმე არაქონებრივ-სამართლებრივ დავად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილება, რომელიც სს “ .. ..” მიერ შპს “ნ...ის” შემოწმების უკანონობას ადასტურებს და მას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, მოცემული საქმისათვის პრეიუდიციული ძალა გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ნ...ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაზე შპს “ნ...მა” შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სს “ .. ..” მიერ აპელანტის უკანონო შემოწმებისას დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის _ 410,95 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემული საქმე არაქონებრივ-სამართლებრივ დავათა რიცხვს განეკუთვნება, ვინაიდან მხარე სადავოდ ხდის თანხის გადახდევინების მართლზომიერებას, რაც ქონებრივ-სამართლებრივ დავას წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომელის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 410,95 ლარს, რაც მითითებული ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე _ 1000 ლარზე ნაკლებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ნ...ის” კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ნ...ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.