Facebook Twitter

საქმე №18აგ-17 11 ივლისი, 2017 წელი

ხ-ა რ, 18აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ა-ის, ი. ლ-სა და შ. ხ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 109-ე მუხლის „თ“, „ი“ პუნქტებით – 10 წლით, ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ხ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 7 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 28 წლით, 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. ხ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით, 4 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ოქტომბრიდან.

5. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით შეიცვალა, კერძოდ:

მსჯავრდებული რ. ხ-ა გათავისუფლდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ხ-ას მოსახდელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 ოქტომბრიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ხ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი რ. ხ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

8. 2017 წლის 4 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ რ. ხ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი. ა-ემ, ი. ლ-ამ და შ. ხ-ემ, რომლებმაც ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენის გადასინჯვა შემდეგი მოტივებით:

დაცვის მხარისათვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ ნ. ნ-ას მკვლელობაში თანამონაწილედ რ. ხ-ას ცრუ განთქმის საფუძველი გახდა გ. ნ-საგან იძულებით, წამებითა და გაუპატიურების მუქარით მიღებული განცხადება, რა დროსაც მას პროტესტის ნიშნად, თვითმკვლელობის მიზნით ვენებიც გადაუჭრია.

ასევე ახლახან გახდა დაცვისათვის ცნობილი, რომ ვ. უ-ას ოჯახზე ყაჩაღობის დროს გარდაცვლილი იყო გ. ნ-ს მამა - ნ. ნ-ა (რ. ხ-ას ბიძა), რის გამოც რ. იმყოფებოდა მამიდის ოჯახში, ს-ში და იმავდროულად ლ-ში საყაჩაღოდ ვერ იქნებოდა.

წინასწარი გამოძიების დროს წამების, ცემისა და ძალადობის შედეგად რ. ხ-ა დაინვალიდდა და რამდენჯერმე გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ას ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ა-ის, ი. ლ-სა და შ. ხ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. კასატორები - მსჯავრდებული რ. ხ-ა და მისი ინტერესების დამცველები, ადვოკატები - ი. ა-ე, ი. ლ-ა და შ. ხ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ფაქტობრივად ითხოვს რ. ხ-ას სისხლის სამართლის საქმის ხელახლა არსებითად განხილვას, რის თობაზეც სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

4. დაცვის მხარე ასევე მიუთითებს მტკიცებულებათა ფალსიფიცირების თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე.

5. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორების არგუმენტებს, რომ წინასაწარ გამოძიებაში გ. ნ-აგან იძულებით, წამებითა და გაუპატიურების მუქარით მიიღეს ჩვენება, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ.

6. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება ასევე დაცვის მხარის მითითება, რომ თითქოს, რ. ხ-ა ლ-ში საყაჩაღოდ ვერ იქნებოდა, ვინაიდან იმ დროს იმყოფებოდა ს-ში, მამიდის ოჯახში, რადგან საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება დაცვის მხარეს (მათ შორის - თავად რ. ხ-ას) არ სცოდნოდა, სად იმყოფებოდა იგი შემთხვევის დროს და როგორ შეიძლება ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეეტყო.

7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას რ. ხ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები შუამდგომლობაში თავადვე მიუთითებენ, რომ რ. ხ-ას მიმართ სასტიკი მოპყრობა გამოვლინდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე და, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილად. ამასთანავე, ბრალდებულის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობა არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ბრალად შერაცხულ ქმედებებში და არ ამტკიცებს მის უდანაშაულობას.

8. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რ. ხ-ა უფლებამოსილია, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი იქნება.

9. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ. ხ-ას ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ა-ის, ი. ლ-სა და შ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ა-ის, ი. ლ-სა და შ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ რ. ხ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ი. ა-ის, ი. ლ-სა და შ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე