ას-320-641-09 23 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ .... სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თ. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ... სამინისტრომ მოპასუხე თ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 000 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 1 573.44 ლარისა და 14 000 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა შემდეგი:
2005 წლის 1 ივლისს თ. ა-სა და ... სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება ... სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ;
... მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის ¹... ბრძანებით თ. ა-ე 2005 წლის ივლისიდან გაწვეულ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად;
2005 წლის 1 ნოემბერს თ. ა-მ თავისი პატაკით, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო ითხოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლება;
... მინისტრის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹.... ბრძანების საფუძველზე ამავე სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის .... ათეულის მსროლელი, კაპრალი თ. ა-ე 2005 წლის 2 ნოემბრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში;
სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თ. ა-მ 2005 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 2 ნოემბრამდე შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 1 573.44 ლარი.
სამხედრო ნაწილის საშტაბო ასეულის მეთაურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, თ. ა-ს სანივთე საწყობიდან მატერიალური საშუალებები არ ერიცხება.
მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადამ შეადგინა ოთხი თვე.
“სამხედო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3 წლიანი ვადა, ხოლო თ. ა-ს ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში.
ჯარიმის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნა თ. ა-სთან დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლს, რომლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდება შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა. ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; ბ. ორის წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ. სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ კონტრაქტის 7.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 14 000 ლარს შეადგენდა.
კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რამდენადაც თ. ა-ს თანხა უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2005 წლის 13 ნოემბრამდე, რაც არ გადაუხდია, კონტრაქტის 7.4 მუხლიდან გამომდინარე, მას უნდა გადაეხადა 0.2%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 2005 წლის 13 ნოემბრიდან მოთხოვნილი თანხის გადახდამდე.
რაც შეეხებოდა ზიანის სახით გადასახდელ თანხას _ 1 573.44 ლარს, მოსარჩელის განმარტებით, ეს იყო თანხა, რაც დაიხარჯა სამხედრო მოსამსახურის _ თ. ა-ის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება სამინისტროს მოუწია მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის გამო, ვინაიდან ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამხედრო მოსამსახურე სრულ მატერიალურ კმაყოფაზე იმყოფებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ... სამინისტროს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და გამოყოფილი ხელფასის, კვების, სანივთე უზრუნველყოფის, წვრთნისა და აღჭურვილობის სახსრები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადებისათვის. მოპასუხემ ნაცვლად ოთხი წლისა, მხოლოდ ოთხი თვე იმსახურა სამხედრო სამსახურში, რამაც მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი წარმოშვა. დასახელებულ მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 394.1, 407-ე, 414-ე მუხლებზე და მათზე დაყრდნობით მოპასუხისათვის 1 573.44 ლარის ოდენობით ზიანის თანხის დაკისრებას ითხოვდა (ს.ფ. 1-12).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სარჩელი თ. ა-ის მიმართ ჯარიმის თანხის, პირგასამტეხლოსა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ა-სა და ... სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის 7.3 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვდა თ. ა-საგან 14 000 ლარის ანაზღაურებას, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქმეზე დგინდებოდა, რომ თ. ა-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 4 თვეს, ხოლო კონტრაქტის 7.3 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს ჯარიმის თანხის გადახდა ეკისრება ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ.
რამდენადაც ... სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ზემომითითებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას, საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელი იყო კონტრაქტის 7.4 მუხლის მიხედვით პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რამდენადაც მასში მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, კონტრაქტის თანახმად, პირგასამტეხლოს არსებობა დამოკიდებულია ჯარიმის თანხის გადაუხდელობაზე და ვინაიდან თ. ა-ს არ წარმოშობია ჯარიმის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად არ არსებობდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა პირველი ინსტანციის სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ მოცემულ შემთხვევაში ... სამინისტრო ვერ მიუთითებდა, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულებიდან თ. ა-ის გასვლით და აღნიშნულთან მიმართებით მტკიცებულებად იყენებდა ხელფასის ცნობას, რომლის თანახმად, მოპასუხემ 2005 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 2 ნოემბრამდე შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 1 573.44 ლარი. თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც თ. ა-მ ეს თანხა მიიღო ხელფასის სახით, იგი არ უნდა მიჩნეულიყო მის მომზადებაზე დახარჯულ თანხად (ს.ფ. 52-55).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტმა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თ. ა-სთან დადებულ ხელშეკრულებაში მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობის მიუთითებლობის გამო, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობდა. კონტრაქტის 7.3 მუხლი არ გამორიცხავდა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე სამსახურისას კონტრაქტის დარღვევის გამო დამსაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, რამდენადაც ამ მუხლს ზოგადი ხასიათი გააჩნდა და პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს განსაზღვრავდა.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადებული იყო 4 წლის ვადით, რაც კონტრაქტის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად თ. ა-ის მიერ სწორედ კონტრაქტის (ვალდებულების) დარღვევა, კერძოდ, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩაითვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა ... სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებდა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო ზიანი, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) დარღვევიდან გამომდინარე წარმოიშვა და რომლის შესაძლებლობას იძლეოდა სამოქალაქო კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობა.
აპელანტის განმარტებით, მოთხოვნილი თანხის ზიანის შინაარსზე მიუთითებდა კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლები, რომლებიდანაც ცალსახად ირკვეოდა, რომ სამინისტრომ მოითხოვა ის თანხა, რაც დახარჯა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება მას მოუწია კონტრაქტის დარღვევის გამო, მის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის.
აპელანტის მითითებით, გარდა კონტრაქტის რიგი მუხლებისა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ მოთხოვნილი თანხა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ... სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანის თანხას წარმოადგენდა (ს.ფ. 60-71).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ... სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა თ. ა-ის მიმართ ზიანის 1 573.44 ლარის დაკისრების ნაწილში და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სადავოდ არ გაუხდია, რომ ... სამინისტროსა და თ. ა-ს შორის 2005 წლის 1 ივლისს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული ორგანო _ ... სამინისტრო, ფიზიკური პირისაგან _ სამხედრო მოსამსახურისაგან ითხოვდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელი იყო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენდა. ასეთ დასკვნას განაპირობებდა სასამართლო წესით (დავის წარმოების გზით) დასაცავი უფლების მატერიალური შინაარსი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და უფლებები, რომელთა დასაცავადაც აღიძრა სარჩელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო ხასიათის იყო, რის შესაბამისადაც არ არსებობდა ამ ნაწილში დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენების საჭიროება.
საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლებს, რომელთა განმარტების შედეგადაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუქვემდებარა (ს.ფ. 92-96).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების შესახებ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 407-ე, 414-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა თუ რა ზიანი მიადგა მას. იგი ზიანის საფუძვლად და ოდენობად მიუთითებდა 1 573.44 ლარს, რომელიც მოპასუხეზე გაიცა, როგორც ხელფასი. სამხედრო მოსამსახურეზე ხელფასის სახით გაცემული თანხა კი ვერ მიიჩნეოდა მის მომზადებაზე დახარჯულ თანხად. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში თუ სახეზე არ იყო ზიანი, არ შეიძლებოდა დამდგარიყო ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო თუ არსებობდა სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა ის მახასიათებელი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, ანაზღაურდებოდა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე პერიოდის განმავლობაში თ. ა-ზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეზე გაწეული ხარჯები, რაც მოიცავდა აღჭურვილობის, კვებისა და სწავლების ხარჯებს, წარმოადგენდა ზიანს, ვინაიდან ამ ხარჯების გაწევა წარმოადგენდა სამინისტროს ვალდებულებას, რომლის სანაცვლოდაც თ. ა-ე ახორციელებდა საპასუხო შესრულებას და როგორც სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მუდმივ მზადყოფნაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ თ. ა-ის მიერ, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანი შეადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე გასაწევ ხარჯებს და ამ მოქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისის არსებობას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები (ს.ფ. 124-129).
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმე გადასცა განსჯად, ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ე.ი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა პირველი ინსტანციით საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც არაკანონიერი შემადგენლობის მიერ მიღებული.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი. გასაჩივრებულ განჩინებაში მჯელობა იმის შესახებ, რომ მოვალისათვის წინასწარ არ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, უსაფუძვლოა, რადგან მოთხოვნილი ზიანის შინაარსზე მიუთითებს კონტრაქტის 8.3 და 8.4 მუხლები, საიდანაც ცალსახაა, რომ კონტრაქტორმა იცოდა იმ სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესახებ, რომელიც შესაძლოა სამინისტროს მოეთხოვა, როგორც მის მომზადებაზე დახარჯული თანხა.
საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას ... სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახელებული ინტერესი. სწორედ კონტრქტის დარღვევა წარმოადგენდა ზიანის გამომწვევ მოქმედებას, რადგან კონტრაქტის დასრულების შემდგომ, ... სამინისტრო მიიღებდა ჩამოყალიბებულ სამხედრო მოსამსახურეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო შეიარაღებული ძალების ყოველგვარი უზრუნველყოფისათვის გამოიყოფა შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებები. იმ ვითარებაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურე ვადაზე ადრე შეწყვეტს კონტრაქტს, აუცილებელია მოხდეს გათავისუფლებული ადგილის შევსება, რასაც დამატებითი თანხები ესაჭიროება, შეიძლება ეს იყოს ხელფასი, ან სხვა სახის დანამატები. ... სამინისტროსადმი მიყენებული ზიანი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნა დამატებით და ახალ ხარჯებთანაა დაკავშირებული (ს.ფ. 133-141).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია თ. ა-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ ... სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ... სამინისტროსა და თ. ა-ს შორის ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ... სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც ... სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქმეზე დადგენილია, რომ ... მინისტრის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹... ბრძანებით სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის ... ოცეულის მეორე ... ათეულის მსროლელი, კაპრალი თ. ა-ე 2005 წლის 2 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ... სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის სურვილით შეწყდა მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ ... სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.