საქმე №69აპ-17 ქ. თბილისი
ი-ი მ, 69აპ-17 26 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. ი-ი ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 344–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 8 აგვისტოდან.
ნივთმტკიცებები: მ. ი-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მის სახელზე გაცემული თ-ს მოქალაქის პასპორტი N U ..., მისსავე სახელზე გაცემული ს-ს დროებითი ბინადრობის მოწმობა N ..., „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული თურქული სიმბარათით, მამაკაცის მაჯის საათი, შავი საფულე და მრგვალი ვერცხლის ბეჭედი, რომლებიც, ერთ პაკეტად დალუქული, ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; იგი მუშაობდა ს-ი და ჰქონდა საკუთარი შემოსავალი; აქვს უმაღლესი განათლება; მას ჰქონდა ს-ი ბინადრობის მოწმობა, რომელსაც ვადა გაუვიდა, მაგრამ მიმართული ჰქონდა შესაბამისი ორგანოებისათვის მისი აღდგენის თხოვნით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ი-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, - 2000 ლარი ჯარიმის განსაზღვრას, ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, რადგან მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი და არაადეკვატური მის მიერ ჩადენილი ქმედებისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. ამასთან, მ. ი-ა აღიარა და მოინანია დანაშაული; არ არის ნასამართლევი; ჰყავს ხანდაზმული, პენსიონერი, ავადმყოფი მამა, რომელიც მის კმაყოფაზე იყო და მისი ციხეში ყოფნა გამოიწვევს მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და შესაძლო სიკვდილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ. ი-ა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მ. ი-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან, წარსულში არ არის ნასამართლევი და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ:
4. მსჯავრდებულ მ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ მ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს ჯარიმა - 3 000 ლარი.
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. ი-ს შეუმსუბუქდეს შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.
5. მ. ი-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. მსჯავრდებულ მ. ი-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. ქათამაძე