საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-37-322-08 2 აპრილი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 28 თებერვალს მ. ღ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბერის განჩინებით მ. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე მ. ღ-შვილმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით დარჩა განუხილველად, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
2007 წლის 15 ოქტომბერს მ. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მისი სარჩელის ნაწილი ადამინისტრაციული სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა სამოქალაქო საქმის წარმოება და საქმე გადაეგზავნა ადმინისტრაციულ სასამართლოში, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის გაუქმების შესახებ საქმის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო სამოქალაქო საქმის განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მ. ღ-შვილის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად განცხადების არაგანსჯად სასამართლოში წარდგენის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ღ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დასაშვებობის საკითხის განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტიელბის (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
მითითებული ნორმის თანახმად, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას მოითხოვენ. ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების უცვლელად (ძალაში) დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები, არ ცვლიან განსჯადობას, განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არ იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი.
განსახილველ შემთხვევაში, მ. ღ-შვილი მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გაუქმებით. მითითებული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა შეეტანა არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, არამედ საქმეზე არსებითად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. ღ-შვილის განცხადება სწორად დატოვა განუხილველად.
აღნშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.