Facebook Twitter

¹ ბს-1043-625(კ-05) 28 ნოემბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

შემადგენლობა: კ. კუბლაშვილი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია,

ბ. კობერიძე,

რ. ნადირიანი,

თ. თოდრია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპატამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით, სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რეგიონალური საბაჟო “...” სხვა თანამშრომლებთან ერთად სამუშაოდან დაითხოვეს საბაჟო გამშვები პუნქტი “....” .... ჯ. ჭ-ე.

2005წ. 21 იანვარს ჯ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების არაკანონიერად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება:

მოსარჩელის აზრით, მისი სამუშაოდან დათხოვნა უკანონოა და იგი აღდგენილ უნდა იქნეს გამშვები პუნქტ “....” .... თანამდებობაზე, ვინაიდან მისი სამუშაოდან დათხოვნის დროს საბაჟო დეპარტამენტმა არ დაიცვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა სხვა თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან წერილობით თანხმობა განაცხადა სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, რაც არ გაითვალისწინა ადმინისტრაციამ, რის გამოც მისი სამუშაოდან დათხოვნა უკანონოა და იგი აღდგენილ უნდა იქნეს დაკავებულ თანამდებობაზე.

მოწინააღმდეგე მხარის, - საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან ფინანსთა მინისტრის 2004წ. 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული რეგიონალური საბაჟო “.....” საშტატო ნუსხის შესაბამისად, საბაჟო გამშვებ პუნქტ “....” განხორციელებულ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება 20 ერთეულით. ჯ. ჭ-ე სხვა თანამშრომლებთან ერთად ერთი თვით ადრე გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ, ამიტომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება კანონიერია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით, ჯ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა - უკანონოდ იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება ჯ. ჭ-ის გათავისუფლების ნაწილში და მოსარჩელე აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო “...” საბაჟო-გამშვები პუნქტი “....” .... თანამდებობაზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ჭ-ის სარჩელი სადავო ბრძანების უკანონოდ ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად.

სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია ჯ. ჭ-ის სამუშაოდან დათხოვნა სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობაზე გადასვლა, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნის უხეში დარღვევაა და მუშაკის სამუშაოზე აღდგენის საფუძველია. ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:

კასატორის მითითებით, რეგიორნალურ საბაჟო “....” განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა შტატების შემცირებას. კონკრეტულად საბაჟო-გამშვები პუნქტი .,....” საშტატო რაოდენობა 20 ერთეულით შემცირდა. შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსალოდნ. დათხოვნის შესახებ, მოსარჩელე სხვა თანამშრომლებთან ერთად გაფრთხილებული იყო ერთი თვით ადრე, თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლისა, რის შემდეგაც ჯ. ჭ-ე კანონიერად იქნა დათხოვნილი სამუშაოდან შტატების შემცირების მოტივით, ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

კასატორის აზრით, კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა სხვა თანამდებობის შეთავაზების შესახებ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას, როცა დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა სხვა თანამდებობის შეთავაზების, საბაჟო-გამშვებ პუნქტ “....” კი ასეთი შესაძლებლობა ადმინისტრაციას არ გააჩნდა საშტატო რაოდენობის 20 ერთეულით შემცირების გამო. ამიტომ ამ შემთხვევაში მათზე კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება და ჯ. ჭანიძის სამუშაოდან დათხოვნის დროს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მოწინააღმდეგე მხარე ჯ. ჭ-ემ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 24 ოქტომბრის განჩინებით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქმე განსახილველად გადაეცა უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე მნიშვნელოვანი იყო სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით და საჭირო იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმების განმარტება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა შეამცირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, კასატორმა უარი თქვა საკასაციო საჩივარზე ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მოითხოვა საკასაციო წარმოების შეწყვეტა. ამასთან, კასატორმა წარმოადგინა 2005წ. 9 სექტემბრის ¹529-კ ბრძანება, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტმა ბათილად ცნო 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება ჯ. ჭ-ის სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში და იგი აღადგინა რეგიონალური საბაჟო დასავლეთის გამშვებ პუნქტ “...” ..... თანამდებობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და კასატორის შუამდგომლობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები, მართალია, შეიცავდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, მაგრამ, რადგან სამართლებრივი შედეგი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ მათი კანონიერების შესახებ დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები. შესაბამისად, დავის განხილვისას სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის _ “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის” ნორმებით და სასამართლოს უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე.

2005წ. 15 ივლისიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი _ “ადმინისტრაციული გარიგება” და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტი შეიცვალა “ადმინისტრაციული ხელშეკრულებით”, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება ადმინისტრაციული გარიგებისგან. ამასთან, შესაბამისი ცვლილება შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში, რომელსაც დაემატა 21 და 22 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანების, განკარგულების) გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან და სარჩელის წარდგენა სასამართლოში არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

ამრიგად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის დამატებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავის და მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის ცვლილებების გათვალისწინებით, მკაფიოდ განიმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) არის ადმინისტრაციული აქტი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და IV თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ჯ. ჭანიძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. არაკანონიერად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპატამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება ჯ. ჭ-ის ნაწილში და მოსარჩელე აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო “....” გამშვებ პუნქტ “....” ..... თანამდებობაზე. მოსარჩელეს ასევე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა შეამცირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მოითხოვა საკასაციო წარმოების შეწყვეტა. კასატორმა წარმოადგინა 2005წ. 9 სექტემბრის ¹529-კ ბრძანება, რომლითაც სადავო ადმინისტრაციული აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ისე, რომ სასამართლოს არ დაუდგენია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, თავად ცნო ბათილად 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება ჯ. ჭანიძის სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში და იგი აღადგინა რეგიონალური საბაჟო “...” გამშვებ პუნქტ “....” ... თანამდებობაზე, რითაც კასატორი ფაქტობრივად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ჭ-ის სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე, რომლის კანონიერებასაც დიდი პალატაც სრულად იზიარებს, რადგან საბაჟო დეპარტამენტმა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის დროს არ დაიცვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა გათავისუფლებამდე მუშაკისათვის სხვა სამუშაოს შეთავაზების შესახებ. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ. ჭ-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, ასევე არ გამოუკვლევია, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ამდენად, 2005წ. 9 სექტემბრის ¹529-კ ბრძანების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანების ნაწილში დავის საგანი საკასაციო საჩივრის განხილვის მომენტისათვის უკვე აღარ არსებობს.

დიდი პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დისპოზიციურობის პრინციპი გარკვეულწილად შეზღუდულია და ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს საქმის მორიგებით დამთავრების, სარჩელზე უარის თქმის ან სარჩელის ცნობის უფლება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

განსახილველ შემთხვევაში კასატორმა საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ შემცირებით ცნო ჯ. ჭ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, რაც, დიდი პალატის აზრით, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლოს მიერ არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, უკანონოდ დათხოვნილი მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, ამიტომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება კანონს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატა თვლის, რომ კასატორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება, თანახმად სსკ-ის მე-7 და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტისა.

საბოლოოდ კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რაც დიდი პალატის აზრით, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლი ნათლად განსაზღვრავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან და სამუშაოზე აღდგენასთან ერთად შეუძლია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ეფუძნება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულ შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის სამარათლიანი ანაზღაურების პრინციპს, რის გამოც დიდი პალატა თვლის, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ჯ. ჭ-ის სარჩელი კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან მას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

დიდმა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის მე-7, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საკასაციო წარმოება ჯ. ჭ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში;

2. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.