Facebook Twitter

¹ას-32-387-07 16 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა, დამფუძნებლად აღდგენა, წილის დაბრუნება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ .. ..” დირექტორ ჯ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა შპს “ .. ..” პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა, დამფუძნებლად აღდგენა, წილის დაბრუნება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2002 წლის 3 ივნისის სასამართლოს დადგენილება გაუქმდა და საზოგადოების 2002 წლის 14 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი ცნობილ იქნა ბათილად, რაც გაასაჩივრა შპს “ .. ..” დირექტორმა ჯ.ტ-მ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს “ .. ..” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაზეც შპს “ .. ..” შეიტანა სააპელაციო საჩივარი. მოცემული საქმე განხილულ იქნა არა ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მითითებული საქმის წარმოება შეჩერდა შპს “ .. ..” უფლებამონაცვლის დადგენამდე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 ნოემბრის ¹... და 2006 წლის 8 ნოემბრის ¹... ცნობების, ასევე 2006 წლის 13 თებერვლის ¹... მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ შპს “ .. ..” ლიკვიდირებულია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 282-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს შპს “ .. ..” უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ცნობები შპს “ .. ..” ლიკვიდაციის შესახებ და სათანადოდ არ გამოიკვლია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უნდა დადასტურებულიყო საგადასახადო ინსპექციიდან სამეწარმეო საქმის მასალების გამოთხოვისა და შესწავლის შედეგად, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი საგადასახადო ინსპექციის უფროს დ.ჯ-ის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შპს “ .. ..” ფუნქციონირებს. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ცნობები გაცემულია საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე ა.შ-ის მიერ და რეალობას არ შეესაბამება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს, საქმის წარმოება განახლდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოება გ. დ-ის სარჩელის გამო შპს “ .. ..” მიმართ შეჩერდა შპს “ .. ..” უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამასთან, ამავე განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ .. ..” ლიკვიდირებულია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 92-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

დასახელებული ნორმათა ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, როდესაც სამოქალაქო სამართალწარმოებაში სხვა პირის ჩართვა კანონით დადგენილი წესითა და საფუძვლებით დასაშვებია, ანუ საპროცესო უფლებამონაცვლეობა ყოველთვის მატერიალური სამართლის დანაწესებითაა განპირობებული. შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს იურიდიული პირის არსებობის იმდაგვარი შეწყვეტა, რომელიც უშვებს აღნიშნული პირის უფლებამონაცვლის დადგენის შესაძლებლობას. ასეთად ჩაითვლება იურიდიული პირის რეორგანიზაცია, რის შედეგად წარმოიქმნება რეორგანიზაციამდე არსებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლე ახალი სამართლებრივი სუბიექტი, რომელსაც გადაცემული აქვს წინამორბედი მხარის უფლებები და მოვალეობები (“მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი). რაც შეეხება იურიდიული პირის ლიკვიდაციას, კანონმდებლობა მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, საქმის წარმოება განახლდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ნამდვილად შეწყვიტა თუ არა იურიდიულმა პირმა არსებობა, დადებით შემთხვევაში რა ფორმით მოხდა არსებობის შეწყვეტა _ ლიკვიდაციით თუ რეორგანიზაციით და განჩინების კვლევით ნაწილში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს კანონის შესაბამისი იურიდიული შედეგი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება, განახლდეს მოცემული საქმის წარმოება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.