ას-324-644-09 03 ივლისი, 2009
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ღ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “.. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების, გამოუყენებელი შესრულების ფულადი კომპენსაციის და ხელფასის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 თებერვალს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ლ. ღ-მ მოპასუხე სს „.. ..ს“ მიმართ და მოითხოვა, რომ სს „.. ..ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს: კუთვნილი ხელფაის ანაზღაურება 4800 ლარის ოდენობით; საშვებულებო თანხის ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით; ხელფასისა და საშვებულებო თანხის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სს “.. ..ს“ გაკოტრების მმართველი.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს „.. ..ს“ და სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველს დაეკისრათ სს „.. ..ს“ გაკოტრების მასიდან ლ. ღ-ს სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების 4800 ლარის, გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციოდ 800 ლარის, სულ 5600 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2008 წლის 13 მაისს სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველმა დ. ჩ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5600 ლარის გადახდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ლ. ღ-ს განცხადება სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველს დაეკისრა ლ. ღ-ს სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების 4800 ლარის, გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციოდ 800 ლარის, სულ 5600 ლარის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 168 ლარის გადახდა. შეწყდა საქმის წარმოება ლ. ღ-ს სარჩელის გამო მოპასუხე სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველის მიმართ სახელფასო დავალიანების, გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციისა და ხელფასის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2008 წლის 10 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ. ღ-მ და მოითხოვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტება იმგვარად, რომ 5600 ლარის გადახდა დაეკისროს სს “.. ..ს“; ამოღებულ იქნას გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებიდან სიტყვები „დაეკისრა გაკოტრების მასიდან“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. ღ-ს განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
პალატის განმარტებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც გამოტანილი იყო სს “.. ..ს” გაკოტრების მმართველის მიმართ. შესაბამისად, ძალაში დარჩა მითითებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სს “.. ..ს” დაეკისრა ლ. ღ-ს სასარგებლოდ სს “.. ..” გაკოტრების მასიდან” შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალაიანების 4800 ლარის , გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციოდ 800 ლარის, სულ 5600 ლარის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 168 ლარის გადახდა.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებიდან სიტყვების – “დაეკისროს გაკოტრების მასიდან,” ამოღების შესახებ, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული მოთხოვნა მიმრთული იყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და, შესაბამისად, მისი განმარტების საკითხის გადაწყვეტა ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს კომპეტენციაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ღურძკაიამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, “.. ..ს” ყოფილ გენერალურ დირექტორად კ. ც-ის დანიშვნის შემდეგ 2003 წელს და 2044 წელს სისტემატურად ირღვეოდა ხელშეკრულების პირობები, რა დროსაც თანამშრომლებს უგროვდებოდათ რამოდენიმე თვის, ხშირ შემთხვევაში წელიწადზე მეტი ვადის სახელფასო დავალიანება. მათ შორის მასაც არ მიუღია 2003 წლის აგვისტოს თვიდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით ხელფასი, ასევე 2005 წლის იანვარ-თებერვლის გამოწერილი ხელფასი და 2 თვის საშვებულებო ანაზაურება. 2005 წლის თებერვალში გაიხსნა გაკოტრების საქმე, როდესაც მან გააკეთა განაცხადი მისი კუთვნილი ხელფასისა და საშვებულებო ანაზღაურების საერთო თანხის 6300 ლარის მოთხოვნის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სახელფასო და საშვებულებო დავალიანება 13 თვისა და 15 დღის 5400 კლარის ოდენობით და 2 თვის საშვებულებო. ამავდროულად დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%, სულ 7800 ლარის ოდენობით.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაცIვრებული განჩინების გაუქმება, სადაც მითითებულია, რომ “.. ..ს” უნდა დაეკისროს გაკოტრების მასიდან 5600 ლარის გადახდა. მისი განმარტებით, წინადადება “გაკოტრების მასა” ამოღებული უნდა იქნეს და მიეთითოს პირდაპირ აღნიშნული 5600 ლარის და 2005 წლის იანვრისა და თებერვლის გამოწერილი ხელფასის გადახდა ყოველგვარი გაკოტრების მასის გარეშე, ვინაიდან გაკოტრების მასას ამოწურული აქვს თავისი მისია. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ “.. ..ს” რეჟიმი აღდგენილია, იგი ფიქტიურად გააკოტრეს, მაგრამ მუშაობა არცერთი დღით არ შეუწყვეტავს და ასეთი რამ მხოლოდ იმისთვის იქნა მოგონუილი, რომ არ გაცემულიყო დავალიანებები.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩIვრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ღ-ს სარჩელი სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველმა დ. ჩ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება. სააპელაციო პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სს „.. ..ს“ გაკოტრების მმართველის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ღ-ს განცხადება 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილში რომელიც გამოტანილი იყო სს .. ..ს გაკოტრების მმართველის მიმართ, ხოლო გადაწყვეტილების ის ნაწილი რომლითაც სს “.. ..ს” დაკისრა ლ. ღ-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა სს “.. ..ს” არ გაუსაჩივრებია და დარჩა ძალაში.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვას და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი, შესაბამისად სასამართლოში იგი წარმოადგენს გაკოტრების რეჟიმში მყოფ საწარმოს და იცავს მის ინტერესებს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს “.. ..ს” გაკოტრების მმართველი სააპელაციო საჩივრით მთლიანად ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას (ს.ფ.129-135). საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთ სააპელაციო საჩივარში გაერთიანებული იყო ორი სააპელაციო მოთხოვნა – 1. გაკოტრების მმართველი ითხოვდა მის მიმართ დაკისრებული ვალდებულების გაუქმებას; 2. გაკოტრების მმართველი, როგორც სს “.. ..ს “წარმომადგენელი ითხოვდა სს “.. ..ს” ვალდებულების გაუქმებას. შესაბამისად ის გარემოება, რომ გაკოტრების მმართველის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, არ შეიძლება გამხდარიყო გაკოტრების რეჟიმში მყოფი “.. ..ს” სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სს “.. ..ს” მიმართ მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალში და განმარტებაზე უფლებამოსილიც გარდაბნის რაიონული სასამართლოა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება სს “.. ..ს” მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ არის შესული კანონიერ ძალაში, რადგან იგი გასაჩივრებულია კანონით დადგენილ ვადაში გაკოტრების მმართველის მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე განმარტების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და მიქცეულია აღსასრულებლად. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განმარტებას ვერ დაექვემდებარება სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც .. ..ს გაკოტრების მასიდან დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა, რამდენადაც საქმეზე განსახილველია სს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტებას, რომლითაც სს “.. ..ს” გაკოტრების მმართველის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რამდენადაც ამ შემთხვევაში სახეზე იყო სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები. შესაბამისად ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ღ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 მარტის განჩინება სს “.. ..ს” გაკოტრების მმართველის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის განმარტების ნაწილში.
დანარჩენ ნაწილში განჩინება გაუქმდეს და საქმის წარმოება გაგრძელდეს სს “.. ..ს” სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.