Facebook Twitter

საქმე №22აგ-17 თბილისი

ც-ი ს, 22აგ-17 14 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის პირველი ივლისიდან.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: ს. ც-ს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლების მე-3 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მას განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. ც-ს განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის პირველი ივლისიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით ს. ც-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 19 წელი, 6 თვე და 26 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ს. ც-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 სექტემბრიდან.

7. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. ც-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლების მე-3 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - 9 თვით პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

16. 2016 წლის 14 და 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობებით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ც-ა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენის გაუქმება და სასჯელისგან გათავისუფლება.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ც-ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინების საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ც-ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) ზემოაღნიშნული ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არ უცვნია არაკონსტიტუციურად და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულ ს. ც-ს მიმართ საქმე წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მაგრამ, ვინაიდან დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

4. ამასთან, საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ირიბ მტკიცებულებებთან მიმართებით მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივრის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს. ც-ს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენით (გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით) მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. ც-ს სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საკითხებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ამ მოცემულობით არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს იმავე საფუძვლით იმავე გარემოებაზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი. ამასთან, მსჯავრდებული არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ბ. ალავიძე