Facebook Twitter

ას-325-644-09 1 ივნისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ თ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის შემცირება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ქ-მა მოპასუხე თ. გ-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შვილის _ ზ. ქ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის თანხის _ 200 ლარის შემცირება 100 ლარამდე.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეწყდა ა. ქ-სა და თ. გ-ს შორის 2001 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, ამავე გადაწყვეტილებით მათი შვილის _ ზ. ქ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის თ. გ-ს საცხოვრებელი ადგილი, ა. ქ-ს არასრულწლოვანი შვილის _ ზ. ქ-ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით. სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება დარეგისტრირდა ... სააგენტოს ისნის სამსახურში.

მოსარჩელის მითითებით, საქმეში არსებული გადახდის ქვითრები ნათლად ასაბუთებდა მის მიერ ალიმენტის თავისდროულ და ჯეროვან გადახდას.

მოსარჩელის მოსაზრებით, დღეისათვის არსებობდა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლები, კერძოდ: 2006 წელს ა. ქ-ი ხელმეორედ დაქორწინდა, ... წელს შეეძინა შვილი, ამჟამად მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ დიასახლისი მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი დედა, ოჯახს მოსარჩელის ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნდა. 1020 ლარის ოდენობის ხელფასი, რომელსაც ა. ქ-ი სს “ .. ..” ოსტატად მუშაობით იღებდა, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

სარჩელში მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად დასახელებული იყო სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტს იხდის მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

მოსარჩელის მოსაზრებით, სარჩელში მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა (ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს თავისი არასრულწლოვანი შვილის _ ზ. ქ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის თანხა _ 200 ლარი შეუმცირდა 130 ლარამდე, ა. ქ-ის სარჩელი ალიმენტის ოდენობის დამატებით 70 ლარის შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ქ-ის შემოსავალი (ხელფასი) სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების შემდეგ გაიზარდა 1020 ლარამდე. მოსარჩელემ შექმნა ახალი ოჯახი, მის კმაყოფაზე იმყოფებოდა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ასევე ელოდებოდა მესამე შვილს.

ამდენად, ა. ქ-ს, მიუხედავად სახელფასო ანაზღაურების გაზრდისა, შეეცვალა ოჯახური მდგომარეობა, რაც საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენდა დაკისრებული საალიმენტო თანხის შემცირების საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის ოდენობა ექვემდებარებოდა შემცირებას 130 ლარამდე (ს.ფ. 94-96).

2008 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით მიმართა თ. გ-მ.

განმცხადებლის აზრით, ზემომითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, რამდენადაც, თუკი ა. ქ-ს უარი ეთქვა ალიმენტის ოდენობის 70 ლარით შემცირების მოთხოვნაზე, მაშინ არასრულწლოვან ზ. ქ-ს, ნაცვლად 130 ლარისა, უნდა დანიშვნოდა ალიმენტი 170 ლარის ოდენობით (ს.ფ. 105).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში შეტანილ იქნა შესწორება და ნაცვლად წინადადებისა: “მოსარჩელე _ ა. ქ-ს უარი ეთქვას ალიმენტის ოდენობის დამატებით 70 ლარით შემცირების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო” მიეთითა: “მოსარჩელე _ ა. ქ-ს უარი ეთქვას ალიმენტის ოდენობის დამატებით 30 ლარით შემცირების თაობაზე უსაფუძვლობის გამო” (ს.ფ. 106-107).

საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 116-130).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინებით თ. გ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

საქმეზე დგინდებოდა, რომ თ. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 27 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2009 წლის 27 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა მისთვის აღნიშნული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს _ 2009 წლის 28 იანვარს დაუკავშირა. შესაბამისად, თ. გ-ს მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დენა 2009 წლის 10 თებერვალს ამოიწურა. საქმეზე დგინდებოდა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 10 მარტს ანუ ერთი თვის დაგვიანებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის პირობებშიც, არსებობდა მისი დაუშვებლად მიჩნევის სხვა საფუძველი, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ა ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ა. ქ-ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ზ. ქ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის თანხა _ 200 ლარი შეუმცირდა 130 ლარამდე, ე.ი. დავის საგანს წარმოადგენდა ალიმენტის 70 ლარით შემცირება. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 840 ლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ 1000 ლარს არ აღემატებოდა. ამდენად, თ. გ-ს სააპელაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელი იყო და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 142-146).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ თ. გ-ს მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა არასწორად დაუკავშირა მისთვის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას. რამდენადაც მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მასში უსწორობის გასწორების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა, საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს მისი გასწორების დღიდან ანუ 2009 წლის 12 თებერვლიდან. აქედან გამომდინარე, თ. გ-ს მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარების დღეს _ 2009 წლის 27 თებერვალს. ამ დღიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველობა შეუსაბამობაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტთან, რომელიც მიუთითებს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში ა. ქ-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის თანხის 100 ლარით შემცირება. ამდენად, მისი მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 1 200 ლარს (12X100). ა. ქ-ი სასამართლოსაგან სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რის შესაბამისადაც თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს ამავე თანხის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია და ექვემდებარება განხილვას (ს.ფ. 151-161).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი თ. გ-ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 98). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება თ. გ-ს ჩაჰბარდა 2009 წლის 27 იანვარს (ს.ფ. 102).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მართებულად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლზე და თ. გ-ს მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლას სწორად უკავშირებს მისთვის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს _ 2009 წლის 27 იანვარს. აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით განხორციელებული უსწორობის გასწორება, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარე, სრულიად თვალსაჩინოა, რომ მოცემული უსწორობა წარმოადგენს სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკურ შეცდომას. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილში დასკვნის სახით მითითებულია: “სასამართლო ხელმძღვანელობს რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 130 (ასოცდაათ) ლარამდე, ხოლო სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ _ 30 ლარით შემცირების ნაწილში, მოსარჩელე _ ა. ქ-ს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო”. ამდენად, გადაწყვეტილების შინაარსიდან სრულიად ნათელია, რომ ა. ქ-ის სარჩელი მხოლოდ 30 ლარით შემცირების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 27 იანვარს _ თ. გ-სათვის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეს აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების რეალიზების შესაძლებლობა ამოეწურა 2009 წლის 10 თებერვალს. თ. გ-მ სააპელაციო საჩივარი წარადგინა არა დროის დასახელებულ მონაკვეთში, არამედ სამი დღის დაგვიანებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორად განსაზღვრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რამდენადაც სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. ქ-ს ალიმენტის თანხა _ 200 ლარი შეუმცირდა 130 ლარამდე, ანუ დავის საგანს წარმოადგენდა ალიმენტის 70 ლარით შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 840 ლარს (70X12), რაც არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

T. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.