ას-326-646-09 16 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - მ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შესწორების შეტანა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა, მ. ა-ძის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად და მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2009 წლის 4 თებერვალს მ. ა-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ა-ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; ამავე განჩინებით მ. ა-ძის განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის ( გაუქმების) და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება.
ზემოთ მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინება.
მ. ა-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებაში შესწორების შეტანა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო პალატას არ უმსჯელია სააპელაციო პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების საფუძვლიანობაზე და არც სამართლებრივად შეუფასებია სათანადოდ, როგორც ეს მოთხოვნილი იყო კერძო საჩივარში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ განჩინებაში არ მიუთითა, სასამართლოში სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა არსებობდეს თუ არა აღნიშნული საპროცესო მოქმედების გამო შედგენილი სათანადო ოქმი.
მ. ა-ძე მიუთითებს იმის თაობაზე, რომ საკასაციო პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს, კერძოდ, მითითებულია - “ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სასაუზმე-პავილიონის ქვეშ არსებული 100 კვ.მ მიწა გამოცხადდა მუზეუმის მფლობელობაში, ხოლო 2006 წელს აღნიშნული ფართი გატარდა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. 2007 წელს კი ეროვნულ მუზეუმს გადაეცა უზუფრუქტის წესით”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო განცხადების შინაარსს და მიაჩნია, რომ მ. ა-ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინება.
საკასაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განიხილა განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხი, კერძოდ, დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის გასაჩივრებულ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო ნაწილობრივ ძალაში ტოვებს ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს, როგორც ქვემდგომი, ასევე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (გაუქმებას) და საქმის წარმოების განახლებას მთლიანად, მაშინ ეს განცხადება უნდა განიხილოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილია არაგანსჯად სასამართლოში, ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად, არაგანსჯადი სასამართლო ვერ იმსჯელებს განცხადებაში მოყვანილ სხვა გარემოებებზე.
რაც შეეხება მ. ა-ძის განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის (გაუქმების) და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი, მართალია, წარმოდგენილია განსჯად სასამართლოში, მაგრამ განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად დაენიშნა ვადა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებელმა არ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები და ფაქტები, რომლებიც ეხებოდა უშუალოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ საკითხებს, რაზედაც გადაწყვეტილება არ მიღებულა.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად არეგულირებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატამ განჩინებაში არ მიუთითა, სასამართლოში სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა არსებობდეს თუ არა აღნიშნული საპროცესო მოქმედების გამო შედგენილი სათანადო ოქმი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, ამდენად, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მ.ა-ძის ზემოაღნიშნული მოსაზრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დააკმაყოფილებს მ. ა-ძის განცხადების მოთხოვნას საკასაციო პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, რადგან აღნიშნული სიტყვები (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სასაუზმე-პავილიონის ქვეშ არსებული 100 კვ.მ მიწა გამოცხადდა მუზეუმის მფლობელობაში, ხოლო 2006 წელს აღნიშნული ფართი გატარდა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. 2007 წელს კი ეროვნულ მუზეუმს გადაეცა უზუფრუქტის წესით), რომლის შესწორებასაც მოითხოვს განმცხადებელი, მითითებულია მისივე სარჩელში, რომლის შინაარსი აღწერილ იქნა საკასაციო პალატის განჩინებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. ა-ძის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 261-ე, 260-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შესწორების შეტანისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.