Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №204აპ-17 ქ. თბილისი

კ-ი ხ, 204აპ-17 19 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. კ-ა და გ. კ-ს ბრალი დაედოთ ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევმა გ. კ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ხ. კ-ნ ერთად, რომელიც ნასამართლევია სსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ-ი, მ. ა-ს ქუჩის N ...-ში მცხოვრებ დ. ჩ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის აშკარად დაეუფლა დ. ჩ-ს კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ საათს და მ. ვ-ს სუნამოს, ასევე თანხას - 25 აშშ დოლარსა და 10 ევროს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რითაც დაზარალებულ დ. ჩ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

ხ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ხ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 22 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 23 თებერვლიდან იმავე წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

გ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 22 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 თებერვლიდან იმავე წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

განაჩენით მსჯავრდებულების - ხ. კ-ა და გ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21 თებერვალს ქ. ბ-ი, მ. ა-ს ქუჩაზე ..-ე სახლის მე-.. ბინაში მცხოვრები დ. ჩ-ი ღამის საათებში დაბრუნდა სახლში, გააღო ბინის კარი და შევიდა ისე, რომ კარი არ ჩაკეტა. შესვლისთანავე დაიწყო ტანსაცმლის გახდა. სწორედ ამ დროს საცხოვრებელი სახლის იმ სართულზე, რომელზეც განთავსებულია ჩ-ს ბინა, ავიდნენ ადრე ნასამართლევები - გ. კ-ე და ხ. კ-ი. ხ. კ-ა უკანონოდ, მფლობელის - დ. ჩ-ს ნების საწინააღმდეგოდ, დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა და შეაღწია დ. ჩ-ს საცხოვრებელ ოთახში, სადაც იგი იმყოფებოდა. თავის მხრივ, გ. კ-ც შევიდა სხვა ოთახში (ოთახში, რომელსაც ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს), რომელიც დაქირავებული ჰქონდა მ. ვ-ს, თუმცა იმ დროისათვის მ. ვ-ა სახლში არ იმყოფებოდა. დ. ჩ-ა უცხო მამაკაცის დანახვაზე დაიწყო ყვირილი და ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადა, გაეძევებინა ხ. კ-ი ბინიდან. ხ. კ-ა სწრაფად დატოვა ბინა და გარეთ გავიდა. გ. კ-ც დატოვა მ. ვ-ს ოთახი და ისიც გარეთ გავიდა. გ. კ-მ და ხ. კ-ა სწრაფად დატოვეს შემთხვევის ადგილი, ჩაირბინეს კიბე, გაცვივდნენ ქუჩაში და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, მსჯავრდებულ ხ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ბ-მ და მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ.

პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ხ. კ-ა და გ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და მათთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

მსჯავრდებულების - ხ. კ-ა და გ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია და მოთხოვნა მსჯავრდებულების - ხ. კ-ა და გ. კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მსჯავრდებულების მიერ ძარცვის ჩადენაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხ. კ-ა და გ. კ-ს მიერ ძარცვის ჩადენას ადასტურებს მხოლოდ დაზარალებული დ. ჩ-ი, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ ამ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხ. კ-ა და გ. კ-ს ძარცვაში დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოტივაცია და მოთხოვნა მსჯავრდებულების უდანაშულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე და ყურადღება მიაპყრო შემდეგ გარემოებებს:

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინასა და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას.

აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

უკანონოდ შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია, ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის მომენტიდან.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ დ. ჩ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ. ბ-ი, მ. ა-ს ქუჩაზე, N.. – ში. არც გ. კ-ს და არც ხ. კ-ს არ იცნობდა. მისი ჩვენებით დასტურდება, რომ მას მსჯავრდებულებისათვის ბინაში შესვლის ნება არ მიუცია და არც არავინ მიუწვევია. ხ. კ-ი მივარდა და ორივე ხელი შემოხვია, მიაფარა პირზე, რომ არ დაეყვირა. როდესაც პირზე ხელს აჭერდა, ერთი საყურე მოძვრა, ხოლო მეორე გადაიგრიხა. უცნობმა მამაკაცმა ხელები შეუშვა და გაიქცა. მისივე ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ გაქცეულს თან გაჰყვა, სწორედ ამ დროს დაინახა, როგორ გამოვიდა მეორე ოთახიდან გ. კ-ე.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც აღწერილი დ. ჩ-ს სხეულის დაზიანების კვლები მთლიანად თანხვდენილია დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილ გარემოებებთან.

დაზარალებულ მ. ვ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 21 თებერვალს გვიან ბრუნდებოდა სახლში. როდესაც ქუჩიდან კორპუსის ეზოში შევიდა, უცებ ეზოდან მისკენ ორი პირი გამოიქცა და კინაღამ შეეჯახნენ. ორივე კარგად დაინახა. პირველი, რომელიც გამოვარდა, უფრო დაბალი იყო და მიუთითა ხ. კ-ე, ხოლო მეორე - მაღალი. ორივეს ეცვა ჯინსის შარვალი და ,,კაპიუშონიანი’’ ქურთუკები. ეს პირები არ გაჩერებულან, გავიდნენ ქუჩაში და გაიქცნენ.

მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე, მისი ქმრის – ნ-ს ტელეფონზე დარეკა მეზობელმა გოგონამ, რომელმაც შეატყობინა, რომ კარზე ვიღაც უკაკუნებს და ძალიან ეშინია, სთხოვა ასულიყო. მისმა ქმარმა გააღო კარი და გავიდა სადარბაზოში, ხოლო თვითონ გ. ჯ-ე ბინის კართან გაჩერდა. ნ-ა სადარბაზოში შეაჩერა 20-25 წლის კაცი და ჰკითხა, რას აკეთებდა მათ სადარბაზოში, ახალგაზრდა დაიბნა და უპასუხა, გოგოები გავიცანი და მათთან მოვედი სტუმრადო. ამ დროს ზედა სართულიდან მეორე ახალგაზრდაც ჩამოვიდა და ორივე ქუჩისკენ გაიქცა.

მოწმე რ. ი-ს (ტაქსის მძღოლის) ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 21 თებერვალს ორი ახალგაზრდა ბიჭი ავტომანქანით მიიყვანა ყოფილი ს-ა და გ-ს ქუჩების კვეთასთან. ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ რ. ი-მ ამოიცნო პირი, რომელიც წინ ჩაჯდა მის გვერდით და რომელიც იყო მისი კლიენტი ხ. კ-ი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში ასახულია, რომ ხ. კ-ა და გ. კ-ს აცვიათ იმგვარი ტანსაცმელი, როგორიც აღუწერეს სასამართლოს დაზარალებულებმა - დ. ჩ-ა და მ. ვ-მ, ასევე -მოწმე გ. ჯ-მ.

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ხ. კ-ს მონაწილეობით დათვალიერდა მისი ტანსაცმელი: ლურჯი ჯინსის შარვალი, ლურჯი „დუტის“ ჟილეტი, შავი პულოვერი, მუქი ლურჯი სპორტული ,,კაპიუშონიანი’’ კოსტიუმი, მონაცრისფრო სპორტული ფეხსაცმელი თეთრი ძირებით, რომლის წინა ნაწილი ყავისფერია. აღნიშნული დათვალიერების ოქმი მხარეებმა მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც მსჯავრდებულები უარყოფენ შემთხვევის ადგილზე ყოფნას.

ამდენად, ხ. კ-ა და გ. კ-ს მიერ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან, კერძოდ: როგორც დაზარალებულების ჩვენებები - მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე - საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ხ. კ-ა და გ. კ-ს დანაშაული ჩადენილი აქვთ ძალადობითა და ჯგუფურად, მაგრამ პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით.

ასევე, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებას: საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ კ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახით დაენიშნა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 22 ოქტომბრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით კი გ. კ-ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 3 თვითა და 11 დღით ადრე – 2016 წლის 11 იანვარს; გ. კ-მ ახალი დანაშაული ჩაიდინა 2016 წლის 21 თებერვალს. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა ვერ მსჯელობს გ. კ-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საკითხზე, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებელი 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შემოიფარგლა მხოლოდ მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და კანონიერი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით; შესაბამისად, ეს პოზიცია არ ეკავა 1-ლი ინსტანციის სასამართლოში და არც ამ მოთხოვნით მიუმართავს სააპელაციო საჩივრით სასამართლოსათვის (იხ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და სააპელაციო პალატის სხდომის ოქმი; საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის №227აპ-13 გადაწყვეტილება).

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ხ. კ-ა და გ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და მათთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის დანიშვნას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. პროკურორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა ხ. კ-ა და გ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №296აპ-14).

11. ამასთან, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა სწორად მიიჩნევს ხ. კ-ა და გ. კ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები) საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი