ას-327-679-07 11 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. კ-ა
წარმომადგენელი – გ. გ-ეE
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ი. ქ-მ ე. კ-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 29 მარტს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა იძულებით საჯარო აუქციონზე გაიტანა ე. კ-ს ბინა, რომელიც 15060 ლარად შეიძინა ი.ქ-მ. აუქციონიდან გავიდა ორი თვე, მაგრამ მოპასუხე არ ათავისუფლებს ბინას, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ე. კ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განჩინებით, აპელანტ ე. კ-ს გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. კ-მ. მან მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მას ორივე ხელის მტევანი მოჰყვა ლიფტში და გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას, რის გამოც ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. კ-ს წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილვლად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდნენ აპელანტი ე. კ-ა და მისი წარმომადგენელი გ. გ-ე, რომლებსაც სასამართლო უწყებები ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით.
საქმის ზეპირი განხილვის დღეს, 2007 წლის 21 მარტს, აპელანტმა ე. კ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მიუთითა, რომ 2007 წლის 19 მარტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ორივე ხელი მოჰყვა სატვირთო ლიფტში, რის გამოც მიიღო ტრავმა და გადის სტაციონალურ მკურნალობას. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა საავადმყოფო ფურცელი და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება მის გამოჯანმრთელებამდე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იშუამდგომლა ე. კ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში, ე. კ-ს განცხადებას ერთვის შპს .. ..“ საავადმყოფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა, მაგრამ ცნობიდან არ ირკვევა ე. კ-ს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობა.
საკასაციო პალატა Yთვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა ე. კ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად და მოცემულ შემთხვეაში არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-ს წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.